უნდა ვუფრთხილდეთ თუ არა ჩინეთს - "ამომავალი სუპერსახელმწიფოს " ინტერესები მსოფლიოსა და საქართველოში | Allnews.Ge

უნდა ვუფრთხილდეთ თუ არა ჩინეთს - "ამომავალი სუპერსახელმწიფოს " ინტერესები მსოფლიოსა და საქართველოში

ბოლო დროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად განიხილება, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი, ამომავალი მსოფლიო სუპერძალა, რომელიც მზარდი ეკონომიკით და სამხედრო შესაძლებლობებით გამოირჩევა. როგორც წესი, პოტენციურად თუ რეალურად სუპერსახელმწიფები კი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საკუთარი ინტერესების გატარებას მრავალფეროვანი მეთოდებით ცდილობენ. ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" კვლევის: "ვინ განსაზღვრავს ცივი ომის შემდგომი მსოფლიოს დღის წესრიგს? - ჩინეთის გავლენის ოპერაციები აკადემიაში, მედიასა და არასამთავრობო სექტორში: საქართველოს მაგალითი", - თანახმად, საკუთარი გავლენების გაფართოების მიზნით ქვეყნის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოცაა, სადაც უკვე იგრძნობა ჩინეთიდან წამოსული გარკვეული იმპულსები.

მაინც, კონკრეტულად რატომ შეიძლება იყოს საქართველო საინტერესო ჩინეთისთვის? ამაზე"სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარე და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი გვესაუბრება.

  • რატომ ჩინეთი?

"სამოქალაქო იდეაში" უკვე სამი წელია, ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი ფოკუსი საგარეო გავლენის ოპერაციებია, რაც გამოიხატება პროპაგანდაში, საინფორმაციო ომში, ასევე, ეკონომიკურ ექსპანსიაში, ფსიქოლოგიურ ოპერაციებში, აკადემიურ, საგანმანათლებლო სეგმენტში გავლენის გაზრდაში. მისი მთავარი ამოცანაა, მოახდინოს იმ ღირებულებითი სისტემის დევალვაცია, რომლის მიხედვითაც ესა თუ ის სახელმწიფო ვითარდება და საკუთარი მოახვიოს თავს. საქართველოსნაირი ქვეყნისთვის რამდენიმე ასპექტია მნიშვნელოვანი:

 

პირველი, საქართველო განვითარებადი დემოკრატიის ქვეყანაა, საბოლოოდ ფორმირებული ჯერ არაა, თუ როგორ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება; მტრებთან და მეგობრებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან და არაპარტნიორებთან დამოკიდებულებები ახლა ყალიბდება. ასეთი ტიპის ქვეყნებში ნოყიერი ნიადაგი არსებობს იმისთვის, რომ საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციო, თუკი სწორად მოიქცევი და მიზანმიმართულად დაგეგმავ. რუსეთის შემთხვევაში თუკი ყველაფერი გასაგებია, ჩინეთზე ვმუშაობთ და ხშირად ვაწყდებით ხოლმე შეკითხვას - "რატომ ჩინეთი?" უმთავრესია ის, რომ ჩინეთი დღეს ის მზარდი ქვეყანაა, არა მარტო ეკონომიკის და მოსახლეობის სიდიდის გამო, არამედ იმიტომ, რომ სტრატეგიულად მსოფლიო დომინაციის პრეტენზია აქვს. ჩინეთი იქცა ქვეყანად, რომელსაც ღიად აქვს გაცხადებული სუპერსახელმწიფოობის პრეტენზია და კონკურენციაშია შესული, მაგალითად, ევროკავშირთან, აშშ-სთან, იმ სახელმწიფოებთან ან გაერთიანებებთან, რომლებიც დღემდე ითვლებოდა, რომ დომინაციის სეგმენტში კონკურენტი არ ჰყავდათ. დღეს ნებისმიერი სახელმწიფო, დიდი და პატარა იკვლევს, რასთან აქვს საქმე და რა არის ის ფორმები, რომლითაც ჩინეთის რესპუბლიკა საკუთარი დომინაციის უზრუნველყოფას ახდენს. განსაკუთრებით გვაინტერესებს ჩინეთი იმიტომაც, რომ ეს სახელმწიფო არ არის დემოკრატიული, არამედ, ერთპარტიული ქვეყანაა, ხელისუფლებაში კომუნისტური პარტიაა იმაზე უფრო დიდი ხანია, ვიდრე საბჭოთა კავშირი იყო. ეს ქმნის იმის წინაპირობას, რომელიც საფრთხის განცდას უჩენს ძალიან ბევრ სახელმწიფოს. აღმოსავლეთ ევროპის ქვყენებში დღეს აღარავინ დავობს, რომ ისინი ჩინური ექსპანსიის გამო სერიოზული პრობლემების წინაშე არიან, თავი რომ დავანებოთ დასავლურ და უკვე ჩამოყალიბებული დემოკრატიის სახელმწიფოებს. ამიტომაცაა განსაკუთრებით საინტერესო სჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენის ოპერაციები საქართველოში", - აღნიშნავს ხიდაშელი.

  • რატომ შეიძლება იყოს საინტერესო ჩინეთისთვის საქართველო?

საერთოდ, რატომ შეიძლება იყოს საქართველოსნაირი პატარა და სხვადასხვა მიმართულებით - უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკურად და ეკონომიკურად, არცთუ ძლიერი სახელმწიფო ჩინეთისთვის საინტერესო? ხიდაშელის თქმით, არსებობს ორი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ჩინეთის ყურადღებისა და ინტერესის რადარში მოვხვდით. ერთი მათგანი ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობაა, მეორე კი - სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან...

"პირველი, ეს საყოველთაოდ ცნობილი და ბევრჯერ ნათქვამი ჩვენი გეოგრაფიაა. სავაჭრო, სარკინიგზო, საჰაერო და ენერგეტიკული გზების კვეთის ცენტრალური წერტილი ვართ, სატრანსპორტო გზებზე მთელი დანარჩენი ცივილიზებული კაცობრიობისთვის ყველაზე რეალისტური ალტერნატიული გზა ვართ, დესპოტური და ტირანული რუსეთის ალტერნატივის შესაქმნელად;

მეორე უმნიშვნელოვანესი მიზეზია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. ჩვენ არ ვართ უბრალოდ ქვეყანა სწორ გეოგრაფიაში, ჩვენ ვართ ქვეყანა სწორ და საინტერესო გეოგრაფიაში, რომელსაც სტრატეგიული პარტნიორობა აქვს იმ სახელმწიფოსთან, ვისთანაც ჩინეთი დღეს ლამის დეკლარირებული ომის მდგომარეობაში იმყოფება. იმისთვის, რომ ამ სტრატეგიულ გეოგრაფიაზე გავლენა არ დაკარგოს, ჩინეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში იყოს ხელისუფლება, რომელიც მათ მხარეს იქნება შესაძლო გართულებების ან ნებისმიერი გართულების პირობებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან.

განაგრძეთ კითხვა