"მთელი ოჯახი დამწუხრებულია ამის გაგებით" - დედოფლის პირველი განცხადება ჰარისა და მეგანის სკანდალურ ინტერვიუზე | Allnews.Ge

"მთელი ოჯახი დამწუხრებულია ამის გაგებით" - დედოფლის პირველი განცხადება ჰარისა და მეგანის სკანდალურ ინტერვიუზე

ბუკინგემის სასახლე აცხადებს, რომ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მიერ ოპრა უინფრისთან ინტერვიუში რასობრივ თემასთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხები მათთვის შემაშფოთებელია.

"მთელი ოჯახი დამწუხრებულია იმის გაგებით, რამდენად რთული იყო ჰარისა და მეგანისთვის ბოლო წლები. წამოჭრილი საკითხები, კერძოდ კი რასიზმთან დაკავშირებული საკითხი, შემაშფოთებელია.

ჩვენ ყოველივე სერიოზულად მივიღეთ და მიუხედავად იმისა, რომ მოგონებები შესაძლოა, განსხვავებული იყოს, ოჯახი პირადად განიხილავს მათ. ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იქნებიან ოჯახის საყვარელი წევრები“, – აღნიშნულია სამეფო სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანია CBS-მა ორი დღის წინ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ინტერვიუ გაავრცელა, სადაც მათ სამეფო ოჯახში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. მეგან მარკლის თქმით, ოჯახის ერთ-ერთი წევრი მათი შვილის, არჩის, დაბადებამდე ღელავდა მისი კანის ფერზე და დასვა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რამდენად მუქი ფერის შეიძლებოდა ყოფილიყო მისი კანი, თუმცა მეგანმა სამეფო ოჯახის აღნიშნული წევრის ვინაობა არ დააკონკრეტა.

ამასთან, ინტერვიუში მეგანმა აღნიშნა, რომ ზოგჯერ "სიცოცხლე აღარ სურდა“, რადგან სამეფო ცხოვრება ძალიან რთული იყო.