"არ ვიცი დედაჩემი როგორ გაუმკლავდა ყველაფერს მარტო, ჩვენ ერთმანეთი მაინც გვყავს" - პრინც ჰარის ემოციური კომენტარი ოპრასთან | Allnews.Ge

"არ ვიცი დედაჩემი როგორ გაუმკლავდა ყველაფერს მარტო, ჩვენ ერთმანეთი მაინც გვყავს" - პრინც ჰარის ემოციური კომენტარი ოპრასთან

პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი უკვე ერთ წელზე მეტია, რაც დიდი ბრიტანეთიდან წავიდნენ და სამეფო პრივილეგიებზე უარი თქვეს. თავად ამბობენ, რომ სურთ, უბრალოდ ჰარი და მეგანი იყვნენ, ყოველგვარი რეგალიების გარეშე, თუმცა ბრიტანულ მედიაში მათ ჯერ კიდევ სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად მოიხსენიებენ.

წყვილი მეორე შვილს ელოდება. ისინი ბრიტანეთიდან წასვლის შემდეგ იშვიათად ჩნდებიან კამერების წინ და ცდილობენ, საზოგადოების ყურადღების მიპყრობას თავი აარიდონ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაო დრო გავიდა წყვილის აშშ-ში გადაბარგებიდან, გაერთიანებულ სამეფოში მათ შესახებ ამ დრომდე ყველაზე მეტს საუბრობენ და ადამიანების ნაწილი აკრიტიკებს სამეფო ოჯახიდან წასვლის გამო.

თუმცა პრინცისთვის მთავარი თავის ოჯახზე ზრუნვა და საყვარელი ადამიანების უსაფრთხოებაა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ჰარიმ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

7 მარტს საზოგადოება ოპრა უინფრისთან ჰარისა და მეგანის ექსკლუზიურ ინტერვიუს ნახავს, თუმცა წინასწარ გავრცელებული 30-წამიანი თიზერით უკვე ცნობილია, რის შესახებ ისაუბრებენ ისინი.

ინტერვიუს სარეკლამო ვიდეორგოლში ჩანს, რომ ჰარიმ პარალელი გაავლო დედას, პრინცესა დაიანასა და ცოლს შორის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოექცა ამ ორ ქალს პრესა.

პრინცი ამბობს, რომ ეშინოდა ისტორია არ გამეორებულიყო და ამიტომაც, მან და მეგანმა გადაწყვიტეს, უკან დაეხიათ და ჩამოშორებოდნენ სამეფო ცხოვრებას. ინტერვიუს მიმართ უკვე დიდი მოლოდინია. ცნობილია, რომ მეგანი ისაუბრებს ქორწინებაზე, დედობაზე, ცხოვრებაზე სამეფო რეგალიებით და ასევე სამეფო ოჯახიდან წასვლაზე, საზოგადოების მხრიდან წნეხზე.

პრინც ჰარის აქამდეც უთქვამს, რომ სამეფო ოჯახიდან წასვლა გადაწყვიტა, რათა დაეცვა საკუთარი თავი და ოჯახი არაჯანსაღი გარემოსგან, რომელსაც მათ დიდ ბრიტანეთში პრესა უქმნიდა.

"წარმოდგენაც კი მიჭირს როგორ გაუმკლავდა დედა მთელ ამ პროცესს მარტო, რადგან ყოველივე ჩვენთვის, ორივესთვის დაუჯერებლად მძიმე იყო, თუმცა ჩვენ ერთმანეთი მაინც გვყავდა. ჩემი მთავარი საზრუნავი იყო, რომ ისტორია არ გამეორებულიყო“, - ამბობს პრინცი ჰარი ოპრასთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, როდესაც პრინცესა დაიანა ავტოავარიაში მოჰყვა, მის ავტომობილს პაპარაცები მისდევდნენ. ჰარი თვლის, რომ დედის გარდაცვალების მიზეზი პაპარაცები არიან. დაიანას ავტომობილს პაპარაცები მოტოციკლით მისდევდნენ, პრინცესას მძღოლს ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მიჰყავდა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და დიდი სიჩქარით ბოძს შეეჯახა, გარდა ამისა, დაიანას პრესა მარტო არასდროს ტოვებდა და ის ხშირად წუხდა იმის გამო, რომ პირად სივრცეს არ უტოვებდნენ. ჰარისთვის ეს ყველაზე მტკივნეული თემაა, ამიტომაც დასავლურ მედიაში წერენ, რომ სრულიად ლოგიკურია, რატომ ეშინია მას ისტორიის გამეორების და რატომ ცდილობს ასე ძალიან ცოლის დაცვას ტაბლოიდებისგან.