"გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს"- აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა | Allnews.Ge

"გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს"- აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ კორონავირუსის წინააღმდეგ Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა. BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ში აქამდე დამტკიცებულ Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინებთან შედარებით Johnson & Johnson გაცილებით უფრო იაფია და მისი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშიც არის შესაძლებელი.

Johnson & Johnson-მა გასულ თვეში განაცხადა, რომ მისმა ვაქცინამ გლობალური მასშტაბით ჩატარებულ კვლევაში, რომელშიც 44 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, საერთო ჯამში, 66%-იანი ეფექტურობა, დაავადების მძიმე ფორმის თავიდან აცილების კუთხით კი 85%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

აღსანიშნავია, რომ ვაქიცნას ბელგიური კომპანია Janssen აწარმოებს და კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციისას მისი მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი. კომპანია წლის ბოლომდე აშშ-ს ვაქცინის 100 მილიონი დოზა უნდა მიაწოდოს.

 „ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია ყველა ამერიკელისთვის. გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს, მაგრამ იმისათვის, რომ ვირუსი დავამარცხოთ, არ უნდა მოვდუნდეთ და სწრაფად ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ბაიდენმა.

პრეზიდენტის თქმით, რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება ქვეყანაში ვირუსის დამარცხების დღე მით უფრო მოახლოვდება და მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.