მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელიც პანდემიაში ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება - ისრაელი აცრილ მოქალაქეებს "მწვანე პასპორტებს" ურიგებს | Allnews.Ge

მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელიც პანდემიაში ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება - ისრაელი აცრილ მოქალაქეებს "მწვანე პასპორტებს" ურიგებს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა ყველაზე აქტიურად ისრაელში მიმდინარეობს. დანარჩენი მსოფლიო კი ყურადღებით აკვირდება ისრაელის მაგალითზე ვაქცინის ეფექტიანობას.

როგორც BBC წერს, ქვეყანაში მოქალაქეების 50%-ზე მეტმა უკვე მიიღო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა მაინც. ყოველივე კი გახდა საფუძველი, რომ თანდათან შეამსუბუქონ დაწესებული შეზღუდვები და ეტაპობრივად ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ.

კვირიდან უკვე გაიხსნა მაღაზიები, ბიბლიოთეკები და მუზეუმები, თუმცა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა კვლავ საჭიროა. ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ეს არის პირველი ეტაპი ნორმალური ცხოვრების დაბრუნების გზაზე.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კვლევაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ "ფაიზერით" აცრილებში სუნთქვის პრობლემებისა და სიცხიანობის საფრთხე 98%-ით მცირდება, ხოლო ზოგადად Pfizer-ის ვაქცინა 95.8%-ით ეფექტიანია.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს თქმით, ის ელის, რომ მომდევნო ორ კვირაში 50 წელს გადაცილებული მოქალაქეების 95%-ს ვაქცინა გაკეთებული ექნება.

ახლა, როცა შეზღუდვები თანდათან იხსნება, ადამიანებს უკვე შესაძლებობა აქვთ, რომ იარონ მაღაზიებში, მოლებში, ესტუმრონ ტურისტულ ადგილებს, ზოოპარკებს.

სპორტული დარბაზები, სასტუმროები და სინაგოგები გაიხსნება მათთვის, ვისაც ე.წ. მწვანე პასპორტი აქვს, ეს არის სერთიფიკატი, რომელსაც მოქალაქეებს ვაქცინაციის შემდეგ აძლევენ. "მწვანე პასპორტის“ მიღება ასევე შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებიც ვირუსისგან გამოჯანმრთელდნენ და ვაქცინაციამ ჯერ არ მოუწიათ.

"მწვანე პასპორტი“ არის ციფრული ფორმის, არსებობს სპეციალური აპლიკაცია, მას გასცემს ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ და მისი მოქმედების ვადა 6 თვეა.

აღსანიშნავია, რომ ისრაელში ადამიანებს უკვე შეუძლიათ დაუბრუნდნენ კონცერტებს, სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებს, თუმცა გარკვეული შეზღუდვები ადამიანთა რაოდენობაზე კვლავ რჩება. მაგალითად, დახურულ სივრცეში 300 კაცზე მეტის ყოფნა აკრძალულია, ხოლო ღია სივრცეში 500 ადამიანის ერთად შეკრებაა დაშვებული.

მიუხედავად შეზღუდვების დიდი ნაწილის მოხსნისა, ისრაელის აეროპორტი კვლავ დაკეტილი რჩება კიდევ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში.