"ოქროს მდინარეები“ ამაზონის ტროპიკულ ტყეში - Nasa კოსმოსური სადგურიდან გადაღებულ იშვიათ და შთამბეჭდავ ფოტოებს აქვეყნებს | Allnews.Ge

"ოქროს მდინარეები“ ამაზონის ტროპიკულ ტყეში - Nasa კოსმოსური სადგურიდან გადაღებულ იშვიათ და შთამბეჭდავ ფოტოებს აქვეყნებს

Nasa აქვეყნებს შთამბეჭდავ და იშვიათ ფოტომასალას, რომელიც საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდანაა გადაღებული და პერუში, ამაზონის ტროპიკულ ტყეებში, ოქროს მოპოვების მასშტაბს ასახავს. როგორც BBC წერს, ოქროს მომპოვებელთა უმეტესობა ამ ადგილას უკანონოდ მუშაობს.

კოსმოსურ სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს "ოქროს მდინარეები“ სინამდვილეში ორმოებია, რომლებიც სავარაუდოდ, არალიცენზირებულმა მაღაროელებმა გათხარეს. ფოტოები საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გასული წლის დეკემბერშია გადაღებული და ასახავს ოქროს მოპოვების დამანგრეველ მასშტაბებს პერუს სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში.

ცნობისთვის, პერუ ბაზარზე ოქროს წამყვანი ექსპორტიორია, თუმცა ეს ინდუსტრია ქვეყანაში დაურეგულირებელია.

ამაზონის აღნიშნული არეალი წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების თვალსახრისით უმნიშვნელოვანეს ადგილს, მაგრამ ოქროს მოპოვებამ ტყის მასშტაბური განადგურება გამოიწვია და ველური ბუნებისთვის სასიცოცხლო გარემო მოსპო.

ყოველივე ასევე მომწამვლელია აღნიშნულ ტერიტორიასთან ახლოს მცხოვრები ადამიანებისთვისაც, რადგანაც ძვირფასი ლითონის მოსაპოვებლად გამოიყენება ტონობით ისეთი ქიმიური ნივთიერება, რომელიც გარემოს დაბინძურებას იწვევს.

2019 წლის იანვარში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ოქროს მოპოვების შედეგად მხოლოდ 2018 წელს, ამაზონში 22 930 ჰექტარი ტყის ფართობი განადგურდა.