ზოგიერთი კორპორაცია რიგ ქვეყნებს უკვე უთანაბრდება, როგორც შემოსავლებით, ისე საზოგადოებრივ აზრზე გავლენით - როგორ შეიძლება შეიცვალოს მსოფლიო წესრიგი? | Allnews.Ge

ზოგიერთი კორპორაცია რიგ ქვეყნებს უკვე უთანაბრდება, როგორც შემოსავლებით, ისე საზოგადოებრივ აზრზე გავლენით - როგორ შეიძლება შეიცვალოს მსოფლიო წესრიგი?

პოლიტიკის მეცნიერების სფეროში მრავალ ნაშრომს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ თეორეტიკოსების თვალსაზრისით, გლობალიზაციასთან ერთად მსოფლიოში ერი-სახელმწიფოების როლის შემცირება ხდება.

  • სახელმწიფოების საზღვრების მოშლა და ზესახელმწიფოებრივი დონის წინ წამოწევა

მოსაზრება, რომ სახელმწიფოებში ცენტრალიზებული ხელისუფლების ძალა აუცილებლად შემცირდება გლობალიზაციის დაჩქარებისთანავე, ადამიანთა უმეტესობისთვის როგორც ბუნებრივი, ისე რეალისტური ჩანს. მაგალითად, ჯონ უოლის მცირე ნაშრომში, "გლობალიზაცია და ეროვნული სახელმწიფოს შემცირება" ვკითხულობთ:

"შუა საუკუნეების ბოლოს, ქალაქ-სახელმწიფოებზე დაფუძნებული ავტორიტეტული სტრუქტურების შესუსტება დაიწყო, რაც რეგიონული ფართო პოლიტიკური დაჯგუფებების გამოჩენამ გამოიწვია, რომელიც ვაჭრობისა და ქალაქებს შორის შრომითი ნაკადების არსებობას ასახავდა. ბოლო 200 წლის განმავლობაში განვითარების ეპიცენტრი სახელმწიფოები იყო, მნიშვნელოვანი აქცენტით ეროვნულ მშენებლობაზე, როგორც განვითარების მთავარ ელემენტზე. ამავდროულად, ფედერალურმა სტრუქტურებმა ან უფრო ადრე შექმნეს მცირე ზომის სუბიექტები, ან წარმოიშვნენ, როგორც ძალაუფლების სტრუქტურები ფაქტობრივი საზღვრების მიღმა (მაგალითად, ევროკავშირი).

ყველა ეს პროცესი აჩვენებს იმ ნიმუშს, რომლის თანახმადაც ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისა და უფლებამოსილებების საერთო პრობლემები, როგორიცაა მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, უფრო მაღალი დონის იურისდიქციულ სტრუქტურაში გადადის, მაშინ, როდესაც კონკრეტული და განსხვავებული პრობლემები შედარებით დაბალი დონის იურისდიქციის ქვეშ რჩება. თუ გლობალიზაცია გარკვეულწილად სუპრანაციონალური (სახელმწიფოებზე მაღლა მდგომი, რომლის იურისდიქციაც სახელმწიფოს საზღვრებში აღწევს ამ სახელმწიფოს მთავრობისთვის "აზრის კითხვის" გარეშე) ძალაუფლების გამოჩენას მოიცავს, რომელიც გაზრდილი ვაჭრობის, უცხოური ინვესტიციების, ფინანსური ბაზრის ურთიერთდამოკიდებულებისა და სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებების მიერ გამოწვეულ ტრანსნაციონალურ პრობლემებს გულისხმობს, მაშინ ბუნებრივია, რომ ეს პროცესი მიიწევს იმისკენ, რომ სახელმწიფოებზე ზემდგომმა ხელისუფლებამ მეტი იურისდიქციული ძალაუფლება მოიპოვოს და ერი-სახელმწიფოები ჩაანაცვლოს.

გლობალიზაცია ახალ პრობლემებსა და გამოწვევებს წარმოშობს გლობალურ ეკონომიკაში, რომელთა ასარიდებლადაც თავიდან ინსტიტუციონალური ჩარჩო და პოლიტიკური რეაგირება არ არსებობს; აქედან გამომდინარე, ზესახელმწიფოებრივი ან თუნდაც, გლობალური ძალაუფლებრივი სტრუქტურები ტრანსნაციონალური ეკონომიკური პოლიტიკის პრობლემებს მათი გაჩენის შემდეგ წყვეტენ, რაც შედეგად, სახელმწიფოების ძალაუფლებას კიდევ უფრო ასუსტებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეროვნული, საზღვრებში მოქცეული სახელმწიფოები მეტად ვეღარ შეძლებენ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დამაკმაყოფილებლად წარმართვას სულ უფრო გლობალიზებულ და ტრანსნაციონალურ ეკონომიკაში", - წერია ნაშრომში.

მაგალითად, ევროკავშირს, თავისი სტრუქტურების ფორმითა და მათი უფლებამოსილებებით ყველაზე მეტად ამსგავსებენ კლასიკურ სახელმწიფო მოწყობას - ზესახელმწიფოებრივ დონეზე. მის წევრ ზოგიერთ ქვეყანას შორის დროდადრო სხვადასხვა საკითხზე შეუთანხმებლობის მიუხედავად, ინტეგრირებული ევროპა უკვე 28 წელია, არსებობს - დღევანდელ პოლარიზებულ სამყაროში კი ეს თავისთავად, უკვე მიღწევაა. "ბრექსიტი", თანადგომის ნაკლებობა (მაგალითად, იტალიის შემთხვევაში კორონავირუსთან ბრძოლის ადრეულ ეტაპზე), მიგრაცია და ბოლო წლებში წინ წამოწეული სხვა საკითხები, რაც ევროკავშირის მიმართ საყოველთაო ნდობას ლაქას ცხებს, ჯერ კიდევ არავინ იცის, რეალურად, გადაითარგმნება თუ არა ოდესმე თავად ორგანიზაციის ფიასკოში - და საბოლოოდ, მის დაშლაში.

როგორც „ჯეოქეისის" მკვლევარი და პროფესორი, ხათუნა ბურკაძე აღნიშნავს, მცირე სახელმწიფოებისათვის მნიშვნელოვანია რეალურად არათანაბარ საერთაშორისო სისტემაში პარტნიორების პოვნა.

ხათუნა ბურკაძე

"საერთაშორისო ორგანიზაციები, განსაკუთრებით, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციები მცირე სახელმწიფოებისათვის მნიშვნელოვანი მექანიზმია იმისათვის, რომ დიდ სახელმწიფოებთან ერთად თანაბრად იყვნენ ჩართულნი ორგანიზაციის საქმიანობაში. ამის მაგალითია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, სადაც გადაწყვეტილებები კონსენსუსის პრინციპის მიხედვით მიიღება. ეს იმას ნიშნავს, რომ ლუქსემბურგს, ლატვიას, ლიტვას, ამერიკის შეერთებულ შტატებს, საფრანგეთს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას და ნატოს სხვა წევრებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთი ხმა აქვთ, თითოეულის პოზიცია გადამწყვეტია, მიუხედავად აღნიშნული სახელმწიფოების სიდიდისა, პოლიტიკური თუ ეკონომიკური გავლენებისა. რაც შეეხება ევროკავშირს, ეფექტიანი ევროპული ერთობა მნიშვნელოვანი მაგალითია სხვა სახელმწიფოებისათვის, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობის, სოლიდარობის გზით მეტი შესაძლებლობების შექმნა ეროვნული სისტემების ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი განვითარებისთვის და ამავდროულად, მათი ინტეგრაცია საერთო ფასეულობებზე დაფუძნებულ გაერთიანებაში. ღირებულებებსა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებულმა ევროპულმა ერთობამ მკაფიოდ წარმოაჩინა ევროკავშირის არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ - გლობალური მნიშვნელობაც.

მსგავსი მულტილატერალური ფორმატები მცირე სახელმწიფოებს აძლევენ შესაძლებლობას, გამოკვეთონ თავიანთი როლი საერთაშორისო არენაზე, რაც ხელს უწყობს არამარტო საერთო გამოწვევებთან ერთობლივი ძალისხმევით გამკლავებას, არამედ, მცირე სახელმწიფოების ინტერესების უზრუნველყოფასაც. სწორედ ურთიერთსაჭიროებისა და ურთიერთკავშირის გამოკვეთა შესაძლებელს ხდის დიდი სახელმწიფოების მიერ მცირე სახელმწიფოების ინტერესების პატივისცემასა და გათვალისწინებას", - აღნიშნავს ბურკაძე.

გლობალ კრიზისს გლობალური გადაწყვეტა სჭირდება - კრიზისებს, რომელიც ყველა ქვეყანას მეტ-ნაკლებად ერთნაირად ეხება (კლიმატის ცვლილება, პანდემიები), წინ მხოლოდ ერთი სახელმწიფოს მეთაური ვერ დაუდგება. ზოგ საკითხზე შეუთანხმებლობა კი, თავის მხრივ, პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს - და ამაზე საუბარი კორონავირუსის ეპოქაში ალბათ, ყველაზე რელევანტურია.

"პანდემიამ მკაფიოდ აჩვენა გლობალური ანუ უნივერსალური საერთაშორისო სისტემის გარდაქმნის აუცილებლობა. პოსტკორონავირუსულ პერიოდში მსოფლიოში განხორციელებული ცვლილებები დიდი ალბათობით პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების გლობალიზაციისკენ იქნება ორიენტირებული. მარტივი ჭეშმარიტებაა - გლობალური გამოწვევები გლობალურ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, ამასთანავე, სახელმწიფოებმა უფრო მეტი წინდახედულობა უნდა გამოიჩინონ საკუთარი რესურსების შესაქმნელად", - ხაზს უსვამს AMBEBI.GE-სთან საუბრისას ხათუნა ბურკაძე.

  • სახელმწიფოებზე ძლიერი კორპორაციები?

სუპრანაციონალური და გლობალური ძალაუფლების გარდა, არსებობს სხვა, შესაძლოა, კიდევ უფრო ძლიერი ძალაუფლების წყაროც - მულტინაციონალური კორპორაციები. კორპორატოკრატია - ეს ტერმინი, რომელიც იშიფრება, როგორც "კორპორატიული ძალაუფლება", სწორედ ისეთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემას აღნიშნავს, რომელსაც კორპორაციები ან კორპორატიული ინტერესები აკონტროლებენ.

სწორედ ტექნოლოგიური განვითარებისა და წარმატებული ბიზნეს იდეების შედეგად, დღეს აღარ გვჭირდება კომპასი და რუკა, როცა არსებობს Google Maps და GPS; აღარ გვჭირდება ფოსტა, როცა არსებობს ელფოსტა; აღარ გვჭირდება ფორუმები, როდესაც პრობლემატური თემის განხილვა "ფეისბუქზეც" მშვენივრადაა შესაძლებელი; ომისთვის საჭირო აღარაა ავტომატი, არამედ - დრონი და დისტანციური მართვის აპარატიც საკმარისია; სხვა ქვეყანაზე თავდასხმა ბომბის ნაცვლად კომპიუტერულ სისტემებში შეღწევით ხდება და მას არა ჯარისკაცები, არამედ, ჰაკერები ახორციელებენ; - ამ ყველაფრის "ბოსები" კი არა ქვეყნის მეთაურები, პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები, არამედ, მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანიების მფლობელები არიან. კონსულტაციების შედეგად, მარკ ცუკერბერგმა საბოლოოდ, გადაწყვიტა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ პრეზიდენტს "ფეისბუქზე" "სიტყვა არ ეთქმის", რადგან ხალხისადმი ძალადობისკენ მოწოდებებმა "წითელი ხაზი გადაკვეთა". ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო "ტვიტერის" დამფუძნებელმა, ჯეკ დორსიმაც. შედეგად, ამერიკაში ერთადერთ ადამიანს, რომელსაც ატომური ბომბის ჩამოგდებაზე ბრძანების გაცემის უფლება აქვს, სოციალურ ქსელში "დაპოსტვის" უფლება ჩამოერთვა. თუმცა ალბათ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ პირადად დონალდ ტრამპის არჩევანი იყო, საკუთარი გზავნილები ძირითადად, "ტვიტერის" და "ფეისბუქის" საშუალებით გაევრცელებინა და არა - უფრო ტრადიციული მეთოდებით, როგორიც მაგალითად, ტელევიზია და ოფიციალური ბრიფინგებია.

  • კომპანიების და სახელმწიფოების შემოსავლები

დღეს შეგვიძლია, ბევრი ისეთი კომპანია გამოვყოთ, რომელიც ზოგიერთ სახელმწიფოზე ძლიერიც კია. უცხოურ მედიაში სტატიების უმეტესობა სახელმწიფოებსა და კომპანიებს იმის მიხედვით ადარებს, თუ რამდენად სავსეა მათი "ჯიბეები". ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ახალი მიდგომაა, რომლითაც კომპანიები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახით ფუძნდებიან. მაგალითად, foreignpolicy.com-ის თანახმად, კომპანიები, როგორიცაა: ExxonMobil, Unilever, BlackRock, HSBC, DHL, Visa - ირჩევენ პერსონალის, ქარხნების, აღმასრულებელ ნაწილის ან საბანკო ანგარიშების განთავსების ადგილებს იმის მიხედვით, თუ სად არის "კეთილგანწყობილი" რეგულაციები, უხვი რესურსები და უპრობლემო კავშირგაბმულობა.

"ჭკვიანი" კორპორაციები ხშირად, იურიდიულად ერთ ქვეყანაში არიან განთავსებულნი, კორპორატიული მენეჯმენტი მეორეში აქვთ, ფინანსური აქტივები მესამეში, ადმინისტრაციული პერსონალი კი - კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანაში. თუმცა ამგვარი კომპანიების ზრდა მხოლოდ ფულის გამომუშავების ახალ გზებს კი არ ნიშნავს, არამედ, "გლობალური ზესახელმწიფოს" მნიშვნელობას ცვლის", - ვკითხულობთ სტატიაში.

მულტინაციონალური კომპანიები, როგორიცაა Apple და Starbucks, ფენომენალურ ძალას ფლობენ. ისინი აკონტროლებენ უზარმაზარ მომარაგების ჯაჭვებს, ყიდიან პროდუქტებს მთელს მსოფლიოში და საერთაშორისო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეაქვთ წვლილი. 2016 წლის ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ამ წლის შემოსავლების მიხედვით 100 უდიდეს კორპორაციასა და ქვეყანას შორის (რომელსაც სახელმწიფოები ძირითადად, გადასახადების აკრებით იღებენ), აშშ პირველ ნომრად გვევლინება, მას ჩინეთი და იაპონია მოსდევს (თუ ევროზონას განვიხილავთ, როგორც ერთ პოლიტიკურ ერთეულს, ის 5 600 მილიარდ დოლარით პირველ ადგილზეა); მაგრამ უამრავი კორპორაცია მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ეკონომიკებს უთანაბრდება: მაგალითად, Walmart უკან იტოვებს ესპანეთსა და ავსტრალიას. საერთო ჯამში, კვლევაში შემოსავლების 100 უმთავრესი მსოფლიო გენერატორიდან, 71 მათგანი კორპორაციაა.

  • კორპორაციების პოლიტიკურ აქტორებად ქცევა

თანხების გარდა, აღნიშნული კვლევის თანახმად, გლობალიზაციამ ისეთი გლობალური სტრუქტურა მოიტანა, რომელშიც სახელმწიფო ძალა მმართველი ექსკლუზიური პრინციპი აღარაა.

"გლობალური კორპორაციების ამჟამინდელი პოზიცია სხვა აქტორებთან შედარებით უპრეცედენტოა სიდიდისა და მოცულობის თვალსაზრისით. უბრალოდ დაფიქრდით ისეთი გლობალური გიგანტების კერძო და საჯარო ძალაზე, როგორიცაა Google ან Apple. როდესაც დონალდ ტრამპი Apple-ის აღმასრულებელ დირექტორს, ტიმ კუკს შეხვდა იმის განსახილველად, თუ როგორ იმოქმედებს ჩინეთთან სავაჭრო ომი Apple-ის ინტერესებზე, გამოჩნდა, რომ წამყვანი მულტინაციონალური კომპანიები პოლიტიკური აქტორებიც არიან", - აღნიშნულია დოკუმენტში.

"ჯეოქეისის" მკვლევარი, ხათუნა ბურკაძე ზოგადად, ყურადღებას ამახვილებს თანამედროვე სამყაროში ციფრულ საკითხებსა და კიბერგამოწვევებზე და დასძენს, რომ მისი შეხედულებით, კორპორაციების თითქოს, განუსაზღვრელი სიმძლავრე სახელმწიფოების როლს მომავალში არ დააკნინებს და პირიქით, შესაძლოა, მათი ერთმანეთთან ინტეგრირება გარკვეული მიზნების მისაღწევად და პრობლემებზე საპასუხოდ კიდევ უფრო ნაყოფიერი იყოს.

"გლობალურმა კრიზისმა დაგვანახა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, კიბერსივრცის შესაძლებლობები, გამოწვევები, რომლებიც კონკრეტული პოლიტიკური და გეოგრაფიული საზღვრებით არაა შემოფარგლული. ეს მოცემულობა კი აჩენს არაერთ კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ციფრული მსოფლიო და რამდენად პასუხობს დღევანდელი სახელმწიფოთაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციები ახალი მსოფლიოს მოთხოვნებს, რომელიც მონაცემებზეა კონცენტრირებული. ციფრულ, მონაცემების ეპოქაში მცირე სახელმწიფოებს მოუწევთ თავიანთი ახალი ნიშის გამოკვეთა და თანამედროვე ციფრული პოლიტიკის ისე განვითარება, რომ კიბერსივრცის დიდ მოთამაშეებს საკუთარი საჭიროებები დაანახონ.

რაც შეეხება კორპორაციებს, დღეს მულტინაციონალურ კორპორაციებს საკმაოდ დიდი რესურსები გააჩნიათ. ისინი ფლობენ მონაცემებს, აქვთ ფინანსური, სხვა ტიპის შესაძლებლობები და პროცესებზე გავლენას ახდენენ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ მომავალშიც სახელმწიფოების როლი გამოკვეთილი იქნება და აღნიშნული კომპანიები იმოქმედებენ იმ კანონმდებლობების ფარგლებში, რომელსაც სუვერენული სახელმწიფოები თავიანთ ტერიტორიებზე ფუნქციონირებადი კორპორაციებისათვის აწესებენ. თუ სახელმწიფოებს სწორი პოლიტიკა ექნებათ, პირიქით, კორპორაციების მხარდაჭერით შესაძლებელია მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა, რაც განვითარებისათვის აუცილებელია", - აცხადებს ხათუნა ბურკაძე.

  • კრიზისი და სოციალური პლატფორმების რეალური ძალაუფლების გამოჩენა

TheAtlantic.com-ის სტატიაში: "ინტერნეტის ტიტანები ძალაუფლებას იკრებენ", ყურადღება გამახვილებულია პანდემიაზე, როგორც კრიზისზე, რომლის გამოც ახალი წესები იწერება და რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერია რეალურად, სოციალური პლატფორმები.

"პლატფორმები, რომლებიც ეროვნული საზღვრების მიღმა ფუნქციონირებს, კერძო კომპანიებია, რომელთაც აქვთ უფლება, გადაწყვიტონ, რა უნდა განთავსდეს მათ სერვისებზე. მაგრამ ამ ძალაუფლების გასაოცარმა ხასიათმა - შესაძლებლობამ, გადაწყვიტონ მათ, რა არის სიძულვილის ენა, დასაშვები პოლიტიკური კამპანია ან ზედმეტად გაშიშვლებული კანი - განაპირობა პლატფორმებისთვის მეტ გამჭვირვალობაზე მოთხოვნა იმაზე, თუ როგორ ხდება ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება. "ფეისბუქსა" და სხვა ქსელებს უარი აქვთ ნათქვამი "სიმართლის არბიტრების" როლზე, მაგრამ Covid-19-ის პანდემიის პირობებში ეს შეიცვალა. მსხვილმა ტექნიკურმა კომპანიებმა, - არა მხოლოდ Facebook-მა, Twitter-მა და Google-მა, პანდემიას ისეთი ხერხებით უპასუხეს, რომლითაც გამოჩნდა, თუ რამხელა ძალა აქვთ მათ ამ ყველაფრის გადაწყვეტისას. მაგალითად, Pinterest-ი კორონავირუსზე ძიების შედეგებს ზღუდავს, მხოლოდ "საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამედიცინო ორგანიზაციების" ინფორმაციის გარდა.

მეორე ფაქტორია, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს აღსრულება სწრაფი, შესაბამისად, უხეშია. იმის გამო, რომ მოდერატორები სახლში არიან და ლოგისტიკური მიზეზების გამო ვერ მუშაობენ, მთავარი პლატფორმები ავტომატიზირებულ ინსტრუმენტებს ეყრდნობიან. Facebook-მა, Twitter-მა და Youtube-მ აღიარეს კიდეც, რომ შედეგად, ისინი მეტ შეცდომას დაუშვებენ - ანუ, შესაძლოა, ისეთი ინფორმაციები წაშალონ, რაც წესით, არ უნდა წაიშალოს.

გარდა ამისა, იმ "წმინდა" პრინციპსაც, რომ პლატფორმები პოლიტიკური ფიგურების გამოსვლებში არ ჩაერევიან, ზიანი მიადგა. "ტვიტერმა" ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს "ტვიტები" წაშალა, იმის გამო, რომ მან Covid-19-ზე დეზინფორმაცია თუ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია გაავრცელა - "ფეისბუქი" და "იუთუბიც" მალევე ანალოგიურად მოიქცნენ. დემოკრატიულად არჩეული ლიდერის განცხადებების დახშობა ტექნოლოგიური პლატფორმების მიერ უპრეცედენტო ნაბიჯია", - აღნიშნულია სტატიაში.

აქვე, ისევ ტრამპსა და მასთან "ტვიტერისა" და "ფეისბუქის" ურთიერთობას თუ დავუბრუნდებით, შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად საკუთარი საქმიანობის განხორციელებას შეუდგა, მარტ ცუკერბერგი ცდილობდა, არჩევნებში მისი წარმატება რაც შეიძლება, ნაკლებად მიეწერა "ფეისბუქის" როლისთვის, თუმცა ეს მას შემდეგ გაძნელდა, რაც თვითონ ტრამპმა აღნიშნა, რომ პლატფორმას მის გამარჯვებაში არსებითი როლი მიუძღვოდა.

"Facebook-ისა და Twitter-ის გვიანდელი ქმედება, დაებლოკათ ტრამპის ანგარიში, აშშ-ის სოციალური მედიის გიგანტების მიერ უპრეცედენტო ნაბიჯი და მათი ძალაუფლების ჯერჯერობით ყველაზე თვალსაჩინო დემონსტრირება იყო. რამდენიმე ცალმხრივი გადაწყვეტილებით, ტექნიკური აღმასრულებლების მცირე ჯგუფმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ყველაზე გავლენიანი სამაუწყებლო ხელსაწყოები ჩამოართვა, რამაც მის მიერ ტელეფონში ერთ წუთში დაწერილი რამდენიმე წინადადებით მთელი მედიის ყურადღების მიპყრობის შესაძლებლობა შეამცირა.

მათ გარდა, Google-მ ტრამპის ანგარიში Youtube-ს არხზე შეაჩერა, Reddit-მა ტრამპის მომხრე რამდენიმე ფორუმი დაბლოკა, Snapchat-მა, რომელსაც საკუთარ ქსელში ტრამპის აქტივობა უკვე შეზღუდული ჰქონდა, პროფილი მისი პრეზიდენტობის ბოლო დღის შემდეგ დაბლოკა", - ვკითხულობთ თემაზე nbcnews.com-ის სტატიაში.

ასეა თუ ისე, რამდენად შეიძლება, გადააჭარბოს მომავალში გიგანტური კომპანიების ძალამ სახელმწიფოებისას - ამაზე ალბათ, დრო გასცემს პასუხს. თუმცა ჩანს, რომ ზოგიერთი კორპორაცია ზოგიერთ ქვეყანას ძალით ნამდვილად უთანაბრდება, იქნება ეს შემოსავლები თუ გავლენა საზოგადოებრივ აზრზე. ცხადია, რომ როგორც თავის მხრივ, ზესახელმწიფოებრივი ორგანოები, ისე მეორე მხრივ - მსოფლიოში ყველაზე მძლავრი კორპორაციები ერ-სახელმწიფოებს უკვე ღირსეულ კონკურენციას უწევენ.