მამაკაცი 3 თვე აეროპორტში ცხოვრობდა და "კოვიდის შიშის გამო" სახლში არ ბრუნდებოდა - უჩვეულო დანაშაული ჩიკაგოში | Allnews.Ge

მამაკაცი 3 თვე აეროპორტში ცხოვრობდა და "კოვიდის შიშის გამო" სახლში არ ბრუნდებოდა - უჩვეულო დანაშაული ჩიკაგოში

ჩიკაგოს O'Hare-ს აეროპორტში დააკავეს 36 წლის მამაკაცი, რომელიც აეროპორტში სამი თვის განმავლობაში ცხოვრობდა. ის აცხადებს, რომ სახლში კორონავირუსის შიშის გამო ვერ ბრუნდებოდა. აღნიშნულის შესახებ BBC ამერიკელ სამართალდამცველთა ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

პოლიციელთა ცნობით, მამაკაცი ჩიკაგოში ლოს ანჯელესიდან 19 ოქტომბერს ჩავიდა და მას შემდეგ იქ იმყოფებოდა. როგორც გაირკვა, ადიტია სინიმ აეროპორტის პერსონალის სამკერდე ნიშანი იპოვა და მიიმაგრა და თავდაპირველად მასში ეჭვი არავის შეჰპარვია, თუმცა მოგვიანებით, აეროპორტის თანამშრომლებმა მის ქმედებებში ეჭვი შეიტანეს და საბუთების წარდგენა სთხოვეს, რის შემდეგაც პოლიციაც გამოიძახეს.

"კოვიდის გამო სახლში დაბრუნების შემეშინდა“ - განუცხადა მოსამართლეს დაკავებულმა და ისიც თქვა, რომ ამ დროის განმავლობაში მგზავრთა მიერ მიცემული პროდუქტით იკვებებოდა.

მოსამართლემ საქმის გარემოებების გამო გაკვირვება გამოთქვა. მისთვის გასაკვირი აღმოჩნდა ის, თუ როგორ მოახერხა მამაკაცმა მთელი სამი თვის განმავლობაში აეროპორტში ისე ცხოვრება, რომ მასზე ეჭვი არავის აუღია.

BBC-ის ცნობით, მამაკაცი ლოს ანჯელესის გარეუბნიდანაა და მას არ აქვს კრიმინალური წარსული. სამართალდამცველები ამბობენ, რომ გაურკვეველია, რატომ ჩავიდა ის ჩიკაგოში.

მამაკაცს ბრალად ედება აეროპორტის დაცულ ნაწილში უკანონოდ შეჭრა და ხულიგნობა. მას სასამართლომ აეროპორტში შესვლა აუკრძალა და 1000 დოლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.