დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა - კადრები სტიქიის ზონებიდან | Allnews.Ge

დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა - კადრები სტიქიის ზონებიდან

დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ინდონეზიაში კიდევ ერთ სტიქიას ებრძვიან - კუნძულ იავას აღმოსავლეთ ნაწილში ვულკანი სემერუ ადგილობრივი დროით, დაახლოებით 17:24 საათზე ამოიფრქვა. ვულკანის კრატერიდან ამოსული კვამლისა და ფერფლის ფენა რამდენიმე კილომეტრის რადიუსზე გავრცელდა.

კუნძულზე მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება არ გაცემულა, თუმცა ხელისუფლება ადგილობრივებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ვულკანი შესაძლოა კიდევ გააქტიურდეს.

მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ვულკანი სემერუ ბოლოს გასული წლის დეკემბერში ამოიფრქვა.

ორი დღის წინ სულავესის კუნძულზე მომხდარი 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 800-ს აჭარბებს.

ყველაზე მეტი მსხვერპლი ქალაქ მამუჯუშია. მამუჯუსა და მეზობელ მაჯენეს რაიონში დაინგრა და დაზიანდა სახლები, გზები, ხიდები, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები. 15 000-მდე ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა და უსაფრთხო ადგილისთვის შეეფარებინა თავი.

ადგილობრივ ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ინდონეზია სეისმურად აქტიურ წყნარი ოკეანის „ცეცხლოვან სარტყელში“ მდებარეობს, სადაც ძლიერი მიწისძვრებისა და ცუნამების საშიშროება ხშირია.