რატომ აფრთხობს მსოფლიოს ნაწილს ჩინური ვაქცინა და რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს აცრის შემდეგ იმუნიტეტმა? | Allnews.Ge

რატომ აფრთხობს მსოფლიოს ნაწილს ჩინური ვაქცინა და რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს აცრის შემდეგ იმუნიტეტმა?

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, WHO-ს დირექტორმა წუხელ გამართულ პრესკონფერენციაზე, ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს მოუწოდა, წარმოადგინონ მონაცემები, რათა დროულად შეძლონ ვაქცინებისთვის გადაუდებელი ავტორიზაციის მინიჭება. ეს მოთხოვნა ჩინურ "სინოფარმასა" და "სინოვაკის" ვაქცინებსა და ოქსფორდის ასრაზენეკას ვაქცინებს ეხებოდა.

"აი, აქ იქნება ჩვენი არჩევანიც 99% ალბათობით", - აღნიშნა იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

კულუმბეგოვის ეს პროგნოზი თანხვედრაშია თენგიზ ცერცვაძის მიერ ორი დღის წინ გამოთქმულ მოსაზრებასთან, რომლის მიხედვითაც, საქართველო დიდი ალბათობით, ვაქცინებს ჩინეთიდან მიიღებს. შიდსისა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელის ამ ვარაუდს, ძირითადად, უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჩინური ვაქცინების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი.

11 იანვარს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ COVID-ის საწინააღმდეგო აცრებისთვის ჩინური წარმოების ვაქცინის შეძენის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. მან განმარტა, რომ საქართველო ვაქცინაციის პროგრამისთვის, ამ ეტაპზე განიხილავს მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომლებსაც აქვთ მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია (ასეთი ორგანოები განისაზღვრება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ჩამონათვალში 35 ქვეყანაა) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიცირება.

გაბუნიას განცხადებით, ჯერჯერობით არცერთი ჩინური ვაქცინა არ არის აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მიერ და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა პრეკვალიფიცირებული. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველო განიხილავს "ფაიზერის", "ასტრაზენეკას" და "მოდერნას" ვაქცინებს.

ბრიფინგის დასასრულს ითქვა ისიც, რომ ქვეყანა მზად არის ყველა ტიპის ვაქცინის მისაღებად. პაატა იმნაძემ გააქარწყლა გავრცელებული ეჭვები იმის შესახებ, თითქოს საქართველოს "ფაიზერისა" და "მოდერნას" ვაქციების მისაღებად შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა არ გააჩნია.

"ჩვენ გვაქვს მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში... ამის პრობლემა არ არსებობს... დღესვე შეგვიძლია მივიღოთ "ფაიზერის" ვაქცინის 200 000 დოზა. ჩვენ მზად ვართ ყველა ტიპის ვაქცინის მისაღებად, უბრალოდ, როდის მოხერხდება ეს, ესაა მთავარი კითხვა, რაც მალე იქნება, მით უკეთესია..." - განაცხადა იმნაძემ.

თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინების შესყიდვათან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა თებერვლის დასაწყისისთვის უნდა მიიღოს. სწორედ ამ დროისთვის გახდება ცნობილი, თუ რომელ ვაქცინაზე შეაჩერებს არჩევანს საქართველო.

  • რატომ არიან ჩინური ვაქცინების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი?

ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი, ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, AMBEBI.GE -სთან აცხადებს, რომ ჩინური ვაქცინების შესყიდვაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევი და არასწორია. მისი თქმით, მეცნიერები ყოველთვის სკეპტიკურად უყურებენ ჩინეთიდან მიღებულ მონაცემებს, რადგან მათი სანდოობის დადგენა ძალზედ ძნელია.

"მსოფლიოში ამ ეტაპზე ლაპარაკი მიმდინარეობს ორ ჩინურ ვაცქინაზე - "სინოვაკი" და "სინოფარმი" (Sinovac and Sinopharm), რომელთა გარკვეული რაოდენობაც უკვე გაყიდეს ჩინეთის ფარგლებს გარეთაც.

"სინოვაკი" იყენებს ვაქცინების წარმოების ტრადიციულ მოდელს და მისი შენახვა შესაძლებელია ჩვეულებრივ მაცივრებში 2-8 გრადუს ტემპერატურაზე (ისევე როგორც "ასტრა ზენეკას" ვაქცინის). აქ პრობლემა ის არის, რომ ამ ეტაპისათვის ჩვენ გვაქვს მწირი ინფორმაცია ამ ვაქცინის კლინიკური გამოცდის პირველი და მეორე ეტაპიდან და ეს ინფორმაციაც არცერთ სერიოზულ ჟურნალში არ არის გამოქეყნებული. ყველა სხვა უკვე დამტკიცებულმა ვაქცინამ, კლინიკური გამოცდის 3 ეტაპი მაინც გაიარა. ამ დროისათვის ჩინური ვაქცინა გამოცდილია დაახლოებით 600 ადამიანზე და შესაბამისად, ეს ძალიან მცირე რაოდენობაა მის ეფექტიანობაზე მსჯელობისთვის, ბოლო მონაცემებით, თურქეთმა, მაგალითად, განაცხადა, რომ მასთან ჩატარებული კვლევების მიხედვით, ეს ვაქცინა 91.25% ეფექტიანი იყო, თუმცა იმავე დროს ბრაზილიამ განაცხადა, რომ ეფექტიანობამ მხოლოდ 50% შეადგინა. კლინიკური გამოცდის მესამე ეტაპი ჯერ არ დაწყებულა, ასე რომ, ამ ეტაპზე ძალიან ნაადრევია ვიმსჯელოთ ამ ვაქცინის ეფექტიანობაზე. არაფერს ვამბობ იმ ფაქტზე, რომ მეცნიერები ყოველთვის სკეპტიკურად უყურებენ ჩინურ ვაქცინებს.

რაც შეეხება მეორე ვაქცინას სინოფარმს, დეკემბრის ბოლოს გამოცხადდა კლინიკური გამოცდის მესამე ეტაპის მონაცემები და ის იყო 79%, უფრო დაბალი ვიდრე "ფაიზერი" და "მოდერნა". თუმცა გაერთიანებული არაბული ემირატების მონაცემებით, მათთან მესამე ეტაპზე ვაქცინამ 86%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. აქაც პრობლემა ის არის, რომ ამ კვლევების ანალიზი და შედეგები არსად არ გამოქვეყნებულა და შესაბამისად, ძნელია მის სანდოობაზე ლაპარაკი.

მოკლედ, შეიძინო ვაქცინები, რომლის სანდოობაზე და ეფექტიანობაზე არ არის საკმარისი ინფორმაცია, არ მგონია სწორი ნაბიჯი იყოს. მითუმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ, ზოგადად რა სკეპტიკურად არის განწყობილი ვაქცინაციის მიმართ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი", - გვეუბნება სპეციალისტი.

ზაზა წერეთლის შეფასებით, გარდა იმისა, რომ ჩინური ვაქცინები, სხვებთან ( "მოდერნა", "ფაიზერი", ასტრაზეენკა) შედარებით, ნაკლებად ეფექტიანი შეიძლება აღმოჩნდეს, ქვეყანას მისი შეძენა გაცილებით ძვირიც დაუჯდება.

"დეკემბრის დასაწყისში ინდონეზიამ დადო კონტრაქტი სინოვაკის შეძენაზე და როგორც იუწყებიან, ერთი დოზა დაახლეობით 13.6 ამერიკული დოლარი დაუჯდათ. ერთი, რომ ეს უფრო მაღალი ფასია, ვიდრე, მაგალითად, ოქსფორდის ვაქცინა და მეორეც, ინდონეზიის მოსახლეობა არის 267 მილიონზე მეტი, ხოლო ვაქცინის ფასი დამოკიდებულია შეძენილი დოზების რაოდენობაზე. რაც უფრო ცოტას შეიძენ, მით უფრო ძვირი ჯდება ის. ეს კი ნიშავს, რომ საქართველოს ეს ვაქცინა გაცილებით უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე ეს ინდონეზიას დაუჯდა", - გვიხსნის ზაზა წერეთელი.

  • აქვს თუ არა Covid-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინებს გვერდითი მოვლენები?

ამ ეტაპზე მსოფლიოში covid-19 -ის წინააღმდეგ ყველაზე გავცელებული ვაქცინა "ფაიზერია". აქტიურ მოხმარებაშია "მოდერნას" ვაქცინებიც. ეს RNM ტიპის ვაქცინებია, რომლებიც ორ ეტაპად ტარდება. ვინაიდან ვაქცინაცია ახალი დაწყებულია, ჯერ მის ეფექტიანობაზე ლაპარაკი ნაადრევია. რასაც ვერ ვიტყვით გვერდით მოვლენებზე, რომლებიც ძალზედ იშვიათად, თუმცა მაინც გამოვლინდა. უცხოური მედიის თანახმად, "ფაიზერისა" და "მოდერნას" ვაქცინებით აცრილ პირებში სხვადასხვა სიმძიმის ალერგიულმა რეაქციებმა იჩინა თავი, მაგრამ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ შემთხვევები უკიდურესად იშვიათი იყო. დეკემბრის თვის მონაცემებით, ბრიტანეთში, "ფაიზერის" ვაქცინით აცრილი 1 893 360 პირიდან 21-ში ანაფილაქსიური შოკის შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან, საბედნიეროდ, ფატალურად არცერთი დასრულებულ

.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი, ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ევროპის აკადემიის (EAACI) ალერგიის, ასთმისა და სპორტის ბორდის თავმჯდომარე მაია რუხაძე ambebi.ge -სთან ვაქცინების გვერდითი მოვლენების შესახებ საუბრობს. იმუნოლოგის შეფასებით, ამ დროისთვის გამოვლენილი მაჩვენებელი იმდენად დაბალ რისკზე მიუთითებს, რომ მასზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. მისი თქმით, გვერდითი მოვლენები მხოლოდ იმ პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს, რომელთაც ანამნეზში სხვა ვაქცინების მიმართ ალერგიული რეაქციები აქვთ.

"ამ ატაპზე ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესახებ რაიმე განსაკუთრებული ინფორმაცია არ ვრცელდება. ვაქცინებზე ძლიერი ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი, ზოგადად, ძალიან იშვიათია და ასე იქნება კოვიდის შემთხვევაშიც. საერთოდ, 1 მილიონი ვაქცინის დოზაზე მძიმე ალერგიული რეაქციის მაჩვენებელი გახლავთ 0.3 -დან 2.1 % -მდე, ანუ მილიონი ადამიანიდან შეიძლება მაქსიმუმ 2 ადამიანს განუვითარდეს ასეთი ძლიერი ალერგიული რეაქცია და ეს ძალიან დაბალი რისკია.

იმისათვის, რომ ეს უმნიშვნელო რისკის მაჩვენებელიც გამოვრიცხოთ, საჭიროა, აცრის ჩატარებამდე ალერგოლოგებთან გავიაროთ კონსულტაცია. აღსანიშნავია, რომ სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი არსებობს მხოლოდ ალეგრიულ, მათ შორის ანაფილაქსიური შოკის მქონე ანამნეზის მქონე ბენეფიციარებში. ექიმი ვაქცინის გაკეთებამდე მისცემს ყველა საჭირო რეკომენდაციას პაციენტს, რის შემდეგაც ის წავა სამედიცინო დაწესებულებაში და აიცრება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო რეკომენდაცია, რომ ახალაცრილი ადამიანი მინიმუმ ნახევარი საათით რჩება კლინიკაში, სადაც მას აკვირდებიან. თუ ბენეფიციარს რამდენიმედღიან შუალედში არ გამოუვლინდა რაიმე ალერგიული რეაქცია, მაშინ დაახლოებით 21- დღიან შუალედში მას მეორედ უნდა ჩაუტარდეს აცრა. კოვიდის წინააღმდეგ ვაქცინა ორეტაპიანი იქნება. დროის კონკრეტული შუალედი ჯერ არ არის დადგენილი, მაგრამ ალბათ ეს იქნება საშუალოდ 21 დღე. რაც შეეხება იმას, რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს აცრის შემდეგ იმუნიტეტმა, ამაზე ზუსტი პასუხი ჯერ არ არსებობს, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს იქნება ერთი ან ორი წელი.

კიდევ ერთი საყურადღებო ინფორმაცია - იმ პირებმა, რომლებსაც ჰქონდათ ანამნეზში მწვავე ალერგიული რეაქცია ვაქცინაში შემავალ კომპონენტებზე პოლიეთილენ გლიკოლსა და პოლისოლბირდზე, თავი უნდა შეიკავონ ვაქცინაციისგან. მესმის, რომ უამრავი ინფორმაცია ვრცელდება ვაქცინებთან დაკავშირებით და საზოგადოების გარკვეული ნაწილი დაბნეულია, ზოგი სკეპტიკურადაც უყურებს. მინდა, რომ მათ ეს უსაფუძვლო შიშის და პანიკის განწყობა გავუქარწყლო, რადგან ამის არანარი რეალური საფუძველი არ არსებობს. ჯერ ჩვენ უნდა გავერკვეთ ამ ვაქცინების შედეგებში, მათ უსაფრთხოებასა და კლინიკურ ეფექტიანობაში. არ მგონია, ჩვენს დაავადების კონტროლის ცენტრს გაუჭირდეს სწორი არჩევანის გაკეთება. სიფრთხილე და დაკვირვება კი ნამდვილად გვმართებს. მთავარია, ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ მივიღოთ გადაწყვეტილებები და იმედით განვეწყოთ ვაქცინების მიმართ, რადგან მათი გამოყენება ნამდვილად იქნება covid-19 -ის დასასრულის დასაწყისი. " - ამბობს იმუნოლოგი.