კაპიტოლიუმში შეჭრილი მომიტინგეები, ოთხი გარდაცვლილი და ის, რაც შტატებში აქამდე არ მომხდარა - "არჩევნებს ასე ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ“ | Allnews.Ge

კაპიტოლიუმში შეჭრილი მომიტინგეები, ოთხი გარდაცვლილი და ის, რაც შტატებში აქამდე არ მომხდარა - "არჩევნებს ასე ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ“

კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის დროს მომხდარ არეულობას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ვაშინგტონის პოლიციაში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 50-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ შორის 47 - "კომენდანტის საათის“ დარღვევისთვის. შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად დაჭრილი ქალი დაიღუპა. ვაშინგტონის მერის მიურეილ ბოუზერის განცხადებით, “კომენდანტის საათი” მოქმედებს ადგილობრივი დროით 18:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომხდარის შემდეგ თავის მხარდამჭერებს სახლებში წასვლისკენ მოუწოდა. "მე მესმის თქვენი ტკივილი, მესმის თქვენი წყენა. ჩვენ გვქონდა არჩევნები, რომელიც მოგვპარეს. ჩვენ დიდი უპირატესობით გავიმარჯვეთ არჩევნებში და ეს ყველამ იცის, განსაკუთრებით კი მეორე მხარემ, მაგრამ სახლში უნდა წახვიდეთ. ჩვენ უნდა გვქონდეს მშვიდობა. ჩვენ უნდა გვქონდეს კანონი და წესრიგი. ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმე დაშავდეს. ეს ძალიან რთული პერიოდია. არასდროს მომხდარა ასეთი რამ. ეს იყო გაყალბებული არჩევნები, მაგრამ მათ წისქვილზე წყალი არ უნდა დავასხათ, ჩვენ უნდა გვქონდეს მშვიდობა. ასე რომ, წადით სახლში. ჩვენ თქვენ გვიყვარხართ, თქვენ განსაკუთრებული ხართ. ხედავთ რა ხდება. ხედავთ, სხვებს როგორ ექცევიან. ვიცი რასაც გრძნობთ, მაგრამ წადით სახლში და წადით მშვიდობიანად“ - აცხადებს ტრამპი.

  • ჯო ბაიდენის განცხადება
 

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კაპიტოლიუმთან მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა. ჯო ბაიდენის განცხადებით, ის შოკირებული და დამწუხრებულია, რომ ქვეყანა ასეთ "ბნელ მომენტამდე“ მივიდა, თუმცა დასძინა, რომ როგორც სხვა ისტორიული მომენტების დროს, ამერიკა ამჯერადაც გაიმარჯვებს.

"მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მუშაობა უნდა მოხდეს დემოკრატიის, პატივისცემის, კანონის უზენაესობის და უბრალო თავაზიანობის აღდგენის მიმართულებით. ომისა და კონფლიქტების გავლით, ამერიკამ ბევრი გადაიტანა. ჩვენ ამასაც გავუძლებთ და კვლავ გავიმარჯვებთ ახლავე. დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ დემოკრატია მყიფეა და მისი გადარჩენა ხალხის კეთილ ნებას მოითხოვს. დაემუქრო არჩეული პირების უსაფრთხოებას, ეს არ არის პროტესტი. ეს ამბოხებაა. მსოფლიო გვიყურებს. როგორც ბევრი სხვა ამერიკელი, მეც შოკირებული და დამწუხრებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე იყო დემოკრატიის იმედი და შუქურა, ამ ბნელ მომენტამდე მივიდა“, - განაცხადა ბაიდენმა და დონალდ ტრამპს მოუწოდა, ხალხს მიმართოს.

  • შეერთებულ შტატებში მომხდარს გამოეხმაურნენ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტები, ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა.

”შეშფოთებულივარ არჩევნების შემდეგ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის უგუნური საქციელისა და ჩვენი ინსტიტუტების, ჩვენი ტრადიციების და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის გამო, არჩევნების შედეგებს ასე ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ,“- აცხადებს ჯორჯ ბუში.

ბარაქ ობამამ კაპიტოლიუმში მომხდარი ძალადობა დაგმო და მის წაქეზებაში მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაადანაშაულა.

"ისტორია კაპიტოლიუმში მომხდარ ძალადობას, რომელსაც პრეზიდენტი კანონიერი არჩევნების შედეგებზე უსაფუძვლო ტყუილებით აქეზებდა, სამართლიანად დაიმახსოვრებს, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი სირცხვილისა და სახელის გატეხვის მომენტს", - აღნიშნა ბარაქ ობამამ.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში იმ დროს შეიჭრნენ, როცა კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. აღნიშნულის გამო სხდომა შეჩერდა, თუმცა ამ დროისთვის სხდომა გაგრძელდა. სხდომა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გახსნა, რომელმაც კაპიტოლიუმში მომხდარი ძალადობა დაგმო.

"ჩვენ დღეს უნდა დავიცავათ ჩვენი კაპიტოლიუმი. მათ, ვინც დღეს ჩვენს კაპიტოლიუმს დიდი ზიანი მიაყენა : თქვენ ვერ გაიმარჯვეთ. ძალადობა არასდროს იმარჯვებს. თავისუფლება იმარჯვებს. ეს ჯერ კიდევ ხალხის სახლია. მსოფლიო კვლავ დაინახავს ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცესა და ძალას,“- განაცხადა მაიკ პენსმა.