ქვეყნები, სადაც კორონავირუსზე ვაქცინაცია უკვე დაიწყეს - სად რამდენი ადამიანია აცრილი და რა ვიცით ვაქცინების გვერდით ეფექტებზე | Allnews.Ge

ქვეყნები, სადაც კორონავირუსზე ვაქცინაცია უკვე დაიწყეს - სად რამდენი ადამიანია აცრილი და რა ვიცით ვაქცინების გვერდით ეფექტებზე

დამთრგუნველი, ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად და სხვა ბევრი თვალსაზრისით ურთულესი 2020 წლის მიწურულს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები შეიქმნა და ფართო მოხმარებაში ჩაეშვა. დეკემბერში მსოფლიოს ათობით ქვეყანაში დაიწყო ვაქცინაცია.

როგორც "ბლუმბერგი" წერს, ეს არის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ვაქცინაციის პროგრამა. გამოცემის კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 33-ზე მეტ ქვეყანაში ამ დროისთვის უკვე 13-მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინაა გაკეთებული. იმისთვის, რომ ვაქცინაცია შედეგიანი იყოს გაცილებით მეტია საჭირო, თუმცა ქვეყნების ვაქცინით მომარაგება, მიწოდება ერთ-ერთი უდიდესი ლოჯისტიკური გამოწვევაა.

აშშ-ში ვაქცინაცია 14 დეკემბერს დაიწყო და თავდაპირველად ის მიიღეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, მთლიანად 4,66 მილიონი დონა ვაქცინაა გაკეთებული. ამ ეტაპზე აშშ-ში აქვთ ვაქცინის 15 418 500 დოზა, საიდანაც 30,2 % უკვე გამოყენებულია.

აშშ-ში დამტკიცებულია Pfizer-ისა და BioNTech’s-ის მიერ დამზადებულ ვაქცინის, ისევე Moderna-ს ვაქცინის გამოყენება და მიზანია, რომ იანვარში 20 მილიონი დოზა გაკეთდეს. იმისთვის, რომ ვაქცინას შედეგი ჰქონდეს და ადამიანი კოვიდ-19-ისგან დაიცვას, ზემოთ აღნიშნული ორივე ვაქცინის შემთხვევაში ორ-ორი დოზის მიღებაა საჭირო, რამდენიმე კვირის ინტერვალით.

Pfizer-BioNTech-ის პრეპარატით ვაქცინაცია მიმდინარეობს ასევე ევროპაში და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ვაქცინაცია დაწყებულია 33-ზე მეტ ქვეყანაში. კვლევით დადასტურებულია, რომ როგორც "ფაიზერის", ასევე "მოდერნას" ვაქცინების ეფექტიანობა 95%-ს აჭარბებს.

რაც შეეხება AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინებს, მათ უკვე გაიარეს ავტორიზაცია დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში უკვე დამტკიცებულია Sinopharm-ის მიერ შექმნილი ვაქცინა საყოველთაო გამოყენებისთვის და მიზანია, რომ თებერვლის დასაწყისისთვის აცრა გაკეთებული ჰქონდეს 50 მილიონ ადამიანს. ასევე, რუსეთში დამტკიცებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა - Sputnik V.

ჩინეთმა და რუსეთმა საკუთარ ქვეყნებში შექმნილი ვაქცინები ჯერ კიდევ ივლისსა და აგვისტოში დაამტკიცეს, მანამდე, სანამ ვაქცინის კლინიკური კვლევები დასრულდებოდა. მას შემდეგ ამ ქვეყნებში უკვე გააკეთეს მილიონობით დოზა ვაქცინა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ორი ქვეყანა ნაკლებად აწვდის დანარჩენ მსოფლიოს ინფორმაციას ვაქცინასთან დაკავშირებულ სიახლეებსა და პროგრესზე.

ვნახოთ რომელ ქვეყანაში მოსახლეობის საერთო რაოდენობის რამდენ პროცენტს აქვს ამ ეტაპზე გაკეთებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა - როგორც მონაცემებშიც ჩანს, ლიდერი ამ მხრივ ისრაელია:

  • აშშ - 1,42%
  • ჩინეთი - 0,32%
  • ისრაელი - 13,52%
  • ინგლისი - 1,40%
  • შოტლანდია - 1,69
  • უელსი - 1,12%
  • ჩრდილოეთ ირლანდია - 1,78%
  • რუსეთი - 0,55%
  • გერმანია - 0,32%
  • იტალია - 0,21%
  • კანადა - 0,32%
  • ესპანეთი - 0,18%
  • ბაჰრეინი - 4,15%
  • პოლონეთი - 0,13%
  • დანია - 0,81%
  • არგენტინა - 0,07%
  • პორტუგალია - 0,31%
  • რუმინეთი - 0,13%
  • მექსიკა - 0,02%
  • უნგრეთი - 0,12%
  • სლოვენია - 0,47%
  • საბერძნეთი - 0,09%
  • ომანი - 0,21%
  • ჩილე - 0,05%
  • ხორვატია - 0,19%
  • სლოვაკეთი - 0,13%
  • ავსტრია - 0,07%
  • ბულგარეთი - 0,07%
  • ფინეთი - 0,07%
  • ესტონეთი - 0,19%
  • ქუვეითი - 0,05%
  • კოსტა რიკა - 0,05%
  • ლიეტუვა - 0,08%
  • ირლანდია - 0,04%
  • ლუქსემბურგი - 0, 20% (*შენიშვნა: აღნიშნული ციფრები ეყრდნობა "ბლუმბერგის" მონაცემებს)

ცნობისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგოდ არაერთი ვაქცინაა შექმნილი, მათ შორის 9 ყველაზე იმედის მომცემად მიიჩნევა, რომელთა შორისაც 7 ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომია ათობით ქვეყანაში, თუმცა ჯერჯერობით შეზღუდული რაოდენობით.

  • ვაქცინების გვერდითი ეფექტი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებსაც, მსგავსად სხვა ვირუსების ვაქცინებისა, აქვთ გვერდითი ეფექტები, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს ეფექტები არ არის სახიფათო და მით უფრო, სიცოცხლისთვის საშიში. როგორც BBC სპეციალისტებზე დაყრდნობით წერს, ვაქცინა არ იწვევს რაიმე სახის დაავადებას, ის ასწავლის სხეულის იმუნურ სისტემას ინფექციასთან ბრძოლას. ვაქცინაციის შემდეგ ზოგიერთ ადამიანს განუვითარდა მსუბუქი სიმპტომები როგორებიცაა კუნთების ტკივილი, ან მომატებული ტემპერატურა, თუმცა როგორც ეპიდემიმოლოგები ამბობენ, ეს არის ორგანიზმის პასუხი ვაქცინაზე. ყველა გვერდითი ეფექტი რამდენიმე დღეში ქრება.

ზოგიერთ ადამიანს, რომელმაც "ფაიზერის" ვაქცინა გაიკეთა, გამოუვლინდა ალერგიული რეაქციები, ამიტომაც სიფრთხილის გამო, მწარმოებლები აცხადებენ, რომ ადამიანებს რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი ალერგიულო რეაქციების ისტორია, ეს ვაქცინა არ უნდა მიიღონ, თუმცა აქვე საუბარია მნიშვნელოვან ალერგიულ რეაციაზე და არა მსუბუქ ალერგიაზე.

აქვე უნდა ითქვას მექსიკაში მომხდარ შემთხვევაზეც, როდესაც 32 წლის ექიმის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო "ფაიზერის“ ვაქცინის მიღების შემდეგ. როგორც ექიმები ამბობენ, მედიკოსს ჰქონდა ალერგიული გამოვლინებების ისტორია. ჯერჯერობით არ სახელდება ზუსტი მიზეზი, თუ რამ გამოიწვია გართულება და კვლევა მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი ცნობებით, ყოველივე ალერგიას უკავშირდება. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ სოციალურ ქსელებში ვრცელდება ბევრი ინფორმაცია ანტივაქცერების მიერ, რომლებიც არ ეყრდნობა მეცნიერულ კვლევებს და როგორც წესი, საქმე გვაქვს დეზინფორმაციასთან.

ქვეყნებმა დახარჯეს მილიარდობით დოლარი ვაქცინების შესაქმნელად, ათასობით მოხალისეზე მათ გამოსაცდელად და ბაზარზე რეკორდულ დროში გასატანად. ამ ეტაპზე არც ერთი ვაქცინის საკმარისი რაოდენობა არ არსებობს იმისთვის, რომ გლობალურად დედამიწის მოსახლეობა - 7,8 მილიარდზე მეტი ადამიანი აიცრას, მაგრამ ერთობლივად ყველა მათგანი არის შანსი, რომ დასრულდეს კორონავირუსის პანდემია, რომელმაც უკვე იმსხვერპლა 1,8 მილიონზე მეტი სიცოცხლე და გლობალური მასშტაბით, წარმოუდგენელი ეკონომიკური კატასტროფა გამოიწვია.