დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ფინანსური დახმარების კანონპროექტს ვეტოს დაადებს | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ფინანსური დახმარების კანონპროექტს ვეტოს დაადებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ 892 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური დახმარების კანონპროექტს, რომელიც კორონავირუსით დაზარალებული მოქალაქეების დახმარებასაც ითვალისწინებს და რომელიც კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცა, ვეტოს დაადებს.

ტრამპი აცხადებს, რომ კანონპროექტში გარკვეული ცვლილებების განხორციელებაა საჭირო.

„კანონპროექტი, რომლის გამოგზავნასაც ჩემთვის აპირებენ, ბევრად განსხვავდება იმისგან, რაც მოსალოდნელი იყო, ეს ნამდვილად სამარცხვინოა”, - აცხადებს ტრამპი ვიდეოში, რომელიც „ტვიტერზეა“ გამოქვეყნებული.

ტრამპის თქმით, მას სურს კონგრესმა თითოეული მოქალაქისთვის დახმარების სახით გამოყოფილი თანხა 2 000 აშშ დოლარამდე, წყვილებისთვის კი - 4000 აშშ დოლარამდე გაზარდოს, ნაცვლად "სასაცილოდ დაბალი" 600 დოლარისა, რომელსაც კანონპროექტის ამჟამინდელი ვერსია ითვალისწინებს.

ამასთან, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა პრეტენზიები გამოთქვა კანონპროექტში უცხო ქვეყნების, სმითსონიანის ინსტიტუტის და თევზის მოშენებისთვის განკუთვნილ თანხებთან დაკავშირებით.

„ვთხოვ კონგრესს, დაუყოვნებლივ მოიცილოს ამ კანონმდებლობას მფლანგველური და არასაჭირო ნაწილები და გამომიგზავნოს სათანადო კანონპროექტი, თორემ კოვიდ დახმარების პაკეტის წარდგენა მომავალ ადმინისტრაციას მოუწევს და შესაძლოა, ეს ადმინისტრაცია მე ვიყო,“- აღნიშნა ტრამპმა.

Reuters-ი წერს, რომ აშშ-ის მთავრობის ოპერაციები 28 დეკემბრის ჩათვლით დროებით ფინანსდება და 2021 ფისკალური წლისთვის 1.4 ტრილიონი დოლარის მოცულობის ფედერალური დაფინანსების მოლოდინშია, რომელიც ასევე კანონპროექტის ნაწილია. იმ შემთხვევაში, თუკი სხვა, დროებითი კანონპროექტის მიღება, ან ტრამპის ვეტოს გადალახვა ვერ მოხერხდა, აშშ-ში მთავრობის მუშაობა, შესაძლოა, ნაწილობრივ შეჩერდეს.

myquiz