ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთეს | Allnews.Ge

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთეს

"გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა“, - ამ ცნობილი ფრაზით შეაფასა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. კომპანია Pfizer-ის მიერ შექმნილი Covid-19-ის ვაქცინით, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი დამტკიცებული ვაქცინაა, მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში, ასევე ვაქცინაცია დაიწყო ისრაელშიც. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს პანდემიის დასასრულებლად გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისთანავე სოციალურ ქსელებში გაჩნდა უამრავი ყალბი, არაზუსტი და დაუდასტურებელი ინფორმაცია მის უკუჩვენებებთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც დაზუსტებით ვიცით, ზოგიერთ ვაქცინირებულს გამოუვლინდა ალერგიული რეაქცია და ბრიტანეთში ალერგიული ფონის მქონე ადამიანებს რეკომენდაცია მისცეს, რომ ის არ გაიკეთონ.

სწორედ იმის გამო, რომ ვაქცინისადმი ბევრი სკეპტიკურადაა განწყობილი, ცნობილმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ აცრა საჯაროდ გაეკეთებინათ.   მათ შორისაა მსახიობი იან მაკკელენი, რომელმაც "ტვიტერში“ ვაქცინაციის შემდეგ დაწერა: "ვფიქრობ, ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ვაქცინა გავიკეთე და ყველას უყოყმანოდ ვურჩევ იგივეს.“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმაც, ვაქცინაციამდე კი მან "ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა: "ეს ისტორიული კვირაა, ჩვენ ვიკრიბებით, რათა ამერიკელ ხალხს დავუმტკიცოთ, რომ იმედი არსებობს. მე მივიღებ უსაფრთხო და ეფექტურ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას და ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ნდობის წყარო ამერიკელი ხალხისთვის.“

"ფაიზერის“ ვაქცინა გაიკეთა ამერიკის კონგრესის წევრმა, ალექსანდრია ოკასიო კორტესმაც, ამბავი კი მან საზოგადოებას "ინსტაგრამ სთორის" საშუალებით ამცნო.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელში პირველმა გაიკეთა. ვაქცინა მან პირდაპირ ეთერში გაიკეთა. "ეს არის ერთი მცირე ინექცია ადამიანისთვის და გიგანტი ნახტომი ჩვენი ჯანმრთელობისთვის", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

როგორც ცნობილია, დღეს საჯაროდ გაიკეთებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც.

კორონავირუსის ახალი შტამი COVID-19 ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ვირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან ამ დრომდე მსოფლიოში ოფიციალურად აღწერილია კორონავირუსის 77,1 მილიონი შემთხვევა, მათ შორის 1,7 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, 54 მილიონი კი გამოჯანმრთელდა