"საბავშვო ტერაქტების" სერიები რუსეთში და სპეცსამსახურების გასაიდუმლოებული გამოძიება - "მოზარდებმა შეტაკებებები სკოლებშიც მოაწყეს" | Allnews.Ge

"საბავშვო ტერაქტების" სერიები რუსეთში და სპეცსამსახურების გასაიდუმლოებული გამოძიება - "მოზარდებმა შეტაკებებები სკოლებშიც მოაწყეს"

რუსეთში, ბოლო დროს მოზარდების დაკავების რამდენიმე ფაქტი მოხდა. ადგილობრივი სპეცსამსახურების ცნობით, ყველა მათგანი სკოლებსა და სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტერაქტების მოწყობას გეგმავდა. თუმცა, ძალოვანი უწყებები მოზარდების დაკავების თითქმის ყველა შემთხვევას ასაიდუმლოებდნენ.

ანტიკრემლისტურმა გამოცემა novayagazeta.ru-ს მიერ მოძიებული ინფორმაციით, 2014 წლიდან, რუსეთში, სკოლის მოსწავლეებისა და მოზარდების მონაწილეობით, 30-ზე მეტი თავდასხმა გამოვლინდა.

"ასეთი შემთხვევები ხდებოდა ყოველ მესამე რაიონში და მსგავს ინცინდენტებს რამდენიმე ათეული ადამიანი შეეწირა. ყველაზე დიდი მსხვერპლი 2018 წელს ქერჩში იყო, როდესაც პოლიტექტნიკურ კოლეჯში ვლადისლავ როსლიაკოვმა ცეცხლი გახსნა. მაშინ ერთდროულად 21 ადამიანი დაიღუპა" - წერს გამოცემა.

 

მისივე ცნობით, ძალოვნების ნდობა არ შეიძლება და სინამდვილეში, მსგავსი შემთხვევები, რამდენიმე ათეულს კი არა, ასეულსაც აჭარბებს. ტერაქტებმა განსაკუთრებით ბოლო წლებში იმატა.

"უკანასკნელ ხანებში სპეცსამსხურებმა არაერთი შემთხვევა გამოავლინეს კრასნოდარის მხარეში, სადაც რეგიონში, ერთ კვირაში, სამი წარუმატებელი ტერაქტი გამოვლინდა და ყველა შემთხვევაში, თავდასხმა და აფეთქების მოწყობა მოზარდების მიერ იყო ორგანიზებული. მათ წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე მკვლელობისა და ტერაქტის მოწყობის მუხლით აღიძრა..." - წერს გამოცემა.

თავდასხმები და ტერაქტები მოწყობილი ან დაგეგმილი იყო სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ასევე, ისინი თავს ესხმოდნენ ადმიანებს რასობრივი, ან რელიგიური განსხვავების გამო.

"ФСБ ბოლო ორი წლის განმავლობაში 50-ზე მეტი შეტაკების ფაქტს იძიებს, რომელიც მოზარდებმა სკოლებში სწორედ ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით მოაწყვეს. მხოლოდ 2020 წელს, 70-მდე გახმაურებული ფაქტი მოხდა... შევეცადეთ, გაგვერკვია, მალავენ თუ არა რუსული სპეცსამსახურები ტერორიზმთან ბრძოლის რეალურ სურათს და ამით კრემლის პირველი პირების თვალში "ნდობისა" და "დამსახურების" მოპოვებას ცდილობენ.

რადგანაც ეს არის ძალზე დახურული უწყება და საზოგადოებრივი კონტროლისგანაც "დაცულია", ხშირ შემთხვევაში, ისინი იმ სურათს ქმნიან, რაც მათთვის არის ხელსაყრელი, რათა არსებული ბიუჯეტი შეინარჩუნონ, ან გაზარდონ..." - აცხადებს გამოცემასთან საუბარში მოზარდების უფლებებზე მომუშავე ადვოვატი ვიტალი ჩერკესოვი.

გამოცემის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, ნიჟეგოროდის ოლქში, 18 წლის სტუდენტმა დანილ მონახოვმა გაჩერებაზე მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულზე გეგმავდა სკოლაში ტერაქტს. ამის შესახებ შეიტყვეს პედაგოგებმა და სამართალდამცველებმაც, ტერაქტი ჩაიშალა და მონახოვზე ინფორმაციაც გაასაიდუმლოეს.

გამოცემა წერს, რომ კრემლი დამნაშავე მოზარდებთან ბრძოლის კვალდაკვალ, მათაც ებრძვის, ვინც ვლადიმირ პუტინის უცვლელ პოლიტიკას აპროტესტებს.

"2017 წლის გაზაფხულზე, ალექსეი ნავალნის ორგანიზატორობით, სახელმწიფო კორუფციის წინააღმდეგ აქცია გამართეს. მაშინ ძალოვნები 14-15 წლის მოზარდებს, როგორც ანარქისტებს დაერივნენ, ასობით მათგანი დააკავეს, თუმცა, მალევე გამოუშვეს, ისე, რომ მათ წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა. ეს იყო გამაფრთხილებელი დაკავება, რომ შემდეგი აქციის შემთხვევაში, ასე ადვილად ვერ გამოძვრებოდნენ" – აღნიშნავს გამოცემა, რომლის ცნობითაც, ამის შემდეგ, რუსეთის შს სამინისტრომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ყოველ წელს მთელ ქვეყანაში მოზარდების მიერ დანაშაულის ჩადენის 40 000-ზე საქმე იხსნება.

ამის შემდეგ, მალევე დაიწყო სკოლის მისწავლეებისა და სტუდენტების ხმაურიანი დაკავებები, რომელთაც ადგილობრივი ძალოვნების რწმუნებით, ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან კავშირი ჰქონდათ.

ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, რომ სახელმწიფო პოლიტიკის თანახმად, ძალოვანები ტერაქტის კვალიფაკაციას აძლევენ ძარცვის, ქურდობისა და სხვა სახის ძალადობის ფაქტებსაც, რასაც შემდეგ მოზარდებში ზრდადი აგრესია მოჰყვება.