ახალი კვლევის თანახმად, მილანში მცხოვრებ ბავშვს კორონავირუსი 2019 წლის ნოემბერში ჰქონდა | Allnews.Ge

ახალი კვლევის თანახმად, მილანში მცხოვრებ ბავშვს კორონავირუსი 2019 წლის ნოემბერში ჰქონდა

ახალი კვლევის თანახმად, რომელიც მილანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს, აღმოჩნდა მტკიცებულება, რომ მილანში ერთ-ერთ რაიონში მცხოვრებ ბიჭს კორონავირუსი ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბრის ბოლოს ჰქონდა. ამ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად კი, ამ ტესტირების საშუალებით შესაძლებელია განისაზღვროს ვირუსის რიბონუკლეინის მჟავის გენომი, რაც ნიშნავს, რომ შედეგები უფრო ზუსტია, ვიდრე სხვა გამოკვლევის შედეგები.

კვლევის ფარგლებში, მიმდინარე წლის სექტემბერში გააანალიზეს გასული წლის სექტემბრიდან მიმდინარე წლის თებერვლის პერიოდში ცხვირ-ხახიდან აღებული 39 ნიმუში, ხოლო ერთ შემთხვევაში პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ეს მასალა ეკუთვნოდა მილანში მცხოვრებ 4 წლის ბიჭს და ის საზღვარგარეთ სამოგზაუროდ არ ყოფილა.

„როიტერის“ თანახმად, ბიჭს ხველისა და რინიტის სიმპტომები 2019 წლის 21 ნოემბრიდან გამოუვლინდა, ხოლო 30 ნოემბერს მან სამედიცინო სამსახურს მიმართა სუნთქვის უკმარისობისა და ღებინების გამო. მოგვიანებით მისმა ექიმმა წითელა გამორიცხა, რომელსაც ბავშვებში მსგავსი სიმპტომები აქვს.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი და უნივერსიტეტის პროფესორი მარიო რავილიონე აცხადებს, რომ ბიჭის სიმპტომები ემთხვევა კოვიდ-19-ის სიმპტომებს. რაც ნიშნავს იმას, რომ იგი ვირუსით დაინფიცირდა ერთი თვით ადრე, ვიდრე ვუჰანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.

პროფესორ რავილიონეს და მის გუნდს მიაჩნიათ, რომ ვირუსის არარეგულარული შემთხვევები შესაძლოა, გასული წლის ბოლოს უკვე არსებობდა, ხოლო ეპიდემია გაჩნდა ვირუსის გადაცემის დაჩქარებისთანავე, რაც ხსნის იმას, თუ რატომ დაიწყო ქვეყანაში კორონავირუსის პირველი ტალღა ლომბარდიის რეგიონში, სადაც მილანი მდებარეობს.