დონალდ ტრამპი - უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შექმნა სულ რაღაც ცხრა თვეში შევძელით, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო მიღწევაა ისტორიაში | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი - უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შექმნა სულ რაღაც ცხრა თვეში შევძელით, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო მიღწევაა ისტორიაში

დღეს აშშ-მა სამედიცინო სასწაულს მიაღწია, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შექმნა სულ რაღაც ცხრა თვეში შევძელით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა, რომელიც აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების დამტკიცების შემდეგ გაავრცელა.

„ჩვენ შევძელით უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შექმნა სულ რაღაც ცხრა თვეში. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო მიღწევაა ისტორიაში. ეს მილიონობით სიცოცხლეს იხსნის და პანდემიას ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, აშშ-ის მთავრობამ Pfizer-ს დიდი თანხა გადაუხადა იმისთვის, რომ ვაქცინის შექმნის და წარმოების პროცესი დაეჩქარებინა. დონალდ ტრამპა ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და სერიოზული გვერდითი ეფექტები არ აქვს და „უსაფრთხოების ოქროს სტანდარტს აკმაყოფილებს.“

„ჩემმა ადმინისტრაციამ ვაქცინის შექმნის და წარმოების პროცესის დასაჩქარებლად 14 მილიარდი დოლარი გამოყო. მათ შორის ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია დავაბანდეთ კომპანია Pfizer-ში პირველ ეტაპზე ვაქცინის 100 მილიონი დოზის წარმოების უზრუნველყოფის მიზნით, ხოლო შემდეგ დამატებით 500 მილიონი დოზის. მე ამაყი ვარ გითხრათ, რომ ჩვენ უზრუნველვყავით, რომ ეს ვაქცინა უფასო იქნება ყველა ამერიკელისთვის. ვაქცინის განაწილება უკვე დაწყებულია ყველა შტატში. პირველი ვაქცინა 24 საათზე ნაკლებ დროში იქნება ხელმისაწვდომი. ვინ მიიღებს პირველ რიგში ვაქცინას, ამას გუბერნატორები გადაწყვეტენ. ჩვენ გვსურს, ხანდაზმული ადამიანები, ექიმები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები პირველები აიცრან,“- აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ არის პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ნამდვილად უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა შექმნა.

myquiz