"მდიდარი ქვეყნები "კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს დიდძალი რაოდენობით ყიდულობენ, რა ელით ღარიბ ქვეყნებს?" | Allnews.Ge

"მდიდარი ქვეყნები "კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს დიდძალი რაოდენობით ყიდულობენ, რა ელით ღარიბ ქვეყნებს?"

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა («BBC russian) გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: "მდიდარი ქვეყნები "კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს დიდძალი რაოდენობით ყიდულობენ, რა ქნან ღარიბმა ქვეყნებმა?“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"მდიდარი სახელმწიფოები კორონავირუსის ვაქცინებს დიდძალი რაოდენობით ყიდულობენ, რაც იმის მანიშნებელია, რომ სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს ვაქცინა არ ეყოფათ“, - ასეთი განცხადება გააკეთა "სახალხო ვაქცინის ალიანსმა“ (People's Vaccine Alliance), რომლის მიზანს ყველა ქვეყნის მოქალაქეებისათვის ვაქცინის უფასოდ მიწოდება წარმოადგენს.

"სახალხო ვაქცინის ალიანსში“ შედიან ისეთი არაკომერციული (არასამთავრობო) ორგანიზაციები, როგორებიცაა Amnesty International, Frontline AIDS, Global Justice Now, Oxfam და სხვები. ისინი იმოწმებენ კომპანია Airfinity-ს მიერ ჩატარებულ კვლევას, რომელშიც გაანალიზებულია ის კონტრაქტები, რომლებიც დადებულია ვაქცინის მწარმოებელ რვა კომპანიასა და განვითარებული ქვეყნების მთავრობებს შორის.

ანალიზის თანახმად, განვითარებულმა ქვეყნებმა, რომლებშიც დედამიწის მოსახლეობის 14% ცხოვრობს, ნოემბრის თვის მდგომარეობით, პერსპექტიული ანტიკოვიდური ვაქცინის სავარაუდო მარაგების 53% შეისყიდეს. ამის გამო პლანეტის 67 სახელმწიფო ვაქცინის დეფიციტის რისკის ქვეშ ექცევა.

"სახალხო ვაქცინის ალიანსის“ განცხადებაში ნათქვამია, ამ მომენტისათვის გაყიდულია Moderna-ს ვაქცინის თითქმის ყველა დოზა, ხოლო Pfizer/BioNTech-ისა - 96%. ვაქცინები შეისყიდეს ევროკავშირის ქვეყნებმა, აშშ-მა, კანადამ, ავსტრალიამ, დიდმა ბრიტანეთმა და იაპონიამ. კანადამ, მაგალითად, იმდენი პრეპარატი შეისყიდა, რომელიც თითოეული მოქალაქის ხუთჯერ აცრას ეყოფა.

რისკის ზონაში რჩებიან უკრაინა, პაკისტანი, მიანმა. ამ ქვეყნების მრავალმილიონიან მოსახლეობისათვის ვაქცინები ძალიან მცირე რაოდენობით დარჩება - ერთი ვაქცინა ყოველ ათ მოქალაქეზე.

  • უთანასწორობა: ფულიანებს - მეტი ვაქცინა, უფულოებს - ნაკლები

ორგანიზაცია Airfinity-ის ხელმძღვანელის რასმუს ჰანჩესენის თქმით, სამი პერსპექტიული ვაქცინის - AstraZeneca-ს, Pfizer-ისა და Moderna-ს მწარმოებლები 2021 წლისათვის 5,3 მილიარდი დოზის გამოშვებას აპირებენ. ეს რაოდენობა საკმარისი იქნება 2,6-დან 3,1 მილიარდი ადამიანის აცრისათვის (გააჩნია აცრის მეთოდს).

ამასთანავე, ვაქცინის წარმოებისათვის შეკვეთების უფლება მხოლოდ განვითარებულმა ქვეყნებმა მიისაკუთრეს - მაგალითად, Moderna გეგმავს 100-125 მილიონი დოზის წარმოებას 2021 წლის პირველ კვარტალში, რომლიდანაც 100 მილიონი დოზა მხოლოდ აშშ-სათვის არის დაჯავშნული.

AstraZeneca-მ და Pfizer-მა ივალდებულეს, რომ შედარებით სუსტად განვითარებულ ქვეყნებს მათ მიერ წარმოებული პრეპარატის 64%-ს მიაწოდებენ. მომავალ წელს კომპანიები დაახლოებით 3 მილიარდ დოზას გამოუშვებენ.

რუსულმა კომპანიებმა, რომლებიც ანტიკოვიდურ ვაქცინას "სპუტნიკ V“-ს ძირითადად საკუთარი მოსახლეობისათვის აწარმოებენ, განაცხადეს, რომ საზღვარგარეთ 500 მილიონ დოზას გაგზავნიან, მაგრამ ეს რაოდენობაც ვერ დაფარავს იმ დეფიციტს, რაც სუსტად განვითარებული ქვეყნების მოსახლეობას ემუქრება.

რისკის ზონაში დარჩენილი ქვეყნების დიდი ნაწილი მხოლოდ საერთაშორისო ინიციატივის COVAX-ის იმედად რჩება, რომელიც ჯანმო-ს ფარგლებში მოქმედებს.

  • პოსტსაბჭოთა სივრცე: იმედები, მაგრამ არა ყველასათვის

 

ჯერჯერობით COVAX-მა მხოლოდ ვაქცინის 700 მილიონი დოზის შეკვეთა მოახერხა, რომელიც პლანეტის 92 ღარიბ ქვეყანას უნდა გაუნაწილოს. ინიციატივის მიზანია 2021 წლის ბოლოსათვის ვაქცინის 2 მილიარდი დოზის წარმოება და მიწოდება. ივლისში დამტკიცდა იმ ქვეყნების სია, რომლებსაც COVAX-ის ვაქცინის მიღების უფლება აქვთ. მათ შორისაა უკრაინა, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და მოლდოვა. მათ თითქმის ერთდროულად წარადგინეს განაცხადი COVAX-ში მონაწილეობაზე, მაგრამ ჯერჯერობით ვაქცინა ყველასათვის საკმარისი არ არის. ქვეყნების უმრავლესობა ვაქცინის დოზის ისეთ რაოდენობას მიიღებს, რომელიც მათი მოსახლეობის მხოლოდ 20%-ს თუ ეყოფა.

უკრაინა, სადაც ვირუსის აქტიური გამოვლინება 400 ათასი ერთეულის დონეზე რჩება, COVAX-ის ინიციატივით, 8 მილიონი დოზის მიღებას გეგმავს, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ერთ მეხუთედს დააკმაყოფილებს.

უზბეკეთი, COVAX-ში მონაწილეობით მიღებულ დოზებთან ერთად, რუსული ვაქცინის "სპუტნიკ V“-ის 35 მილიონ დოზას მიიღებს - 10 მილიონს ამ წლის ბოლომდე და კიდევ 25 მილიონს - მომავალ 2021 წელს. გარდა ამისა, ტაშკენტში ცდებს აწარმოებენ ჩინური ვაქცინის ეფექტიანობაზეც. სხვათა შორის, უზბეკეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი საკმაოდ მცირეა - ოფიციალური მონაცემებით, მკურნალობს მხოლოდ ორი ათასამდე მოქალაქე.

ყირგიზეთი COVAX-ის ინიციატივას სექტემბერში მიუერთდა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა აინურ ახმატოვამ ამ დრეებში განაცხადა, ქვეყანა COVAX-საგან იმდენ ვაქცინას მიიღებს, რაც მოსახლეობის 20%-ისთვის იქნება განკუთვნილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყირგიზეთის მოსახლეობა 6,3 მილიონ ადამიანს შეადგენს, მაშინ ლაპარაკია დაახლოებით მილიონ დოზაზე.

მოლდოვამ COVAX-ის ინიციატივაში მონაწილეობაზე განაცხადი მხოლოდ 9 დეკემბერს წარადგინა. მთავრობა იმედოვნებს, რომ ვაქცინას ქვეყნის მოსახლეობის ერთი მეხუთედი ნაწილისთვის მიიღებს. პირველ რიგში, ვაქცინის დოზებით დაკმაყოფილდებიან მაღალი რისკის ადამიანები - ექიმები, მოხუცები და ქრონიკული ავადმყოფები.

ტაჯიკეთს ჯერჯერობით განაცხადი არ წარუდგენია. რამდენიმე თვის წინ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ტაჯიკეთი რუსული ვაქცინის შეძენას მანამ არ აპირებს, სანამ მისი ეფექტურობა არ დამტკიცდებაო. ოფიციალური მონაცემებით, ტაჯიკეთში კორონავირუსით დაინფიცირებულების ძალზე დაბალი რაოდენობაა - დღე-ღამეში მხოლოდ ასამდე შემთხვევა.

  • გაუზიარებენ თუ არა მდიდრები ღარიბებს ვაქცინის წარმოების საიდუმლოს?

"არავის არ უნდა ვუთხრათ უარი მაცოცხლებელ ვაქცინაზე იმის გამო, რომ იგი ღარიბ ქვეყანაშია დაბადებული და იქ ცხოვრობს, სადაც მოსახლეობას ჯიბეში საკმარისი ფული არ აქვს“, - ამბობს ბრიტანული არაკომერციული ორგანიზაციის Oxfam-ის მენეჯერი ანა მერიოტი, - "რაიმე თუ არ შეიცვლება სასიკეთოდ, მაშინ მილიარდობით ადამიანი მსოფლიოში ვაქცინას რამდენიმე წელი ვერ მიიღებს“.

"სახალხო ვაქცინის ალიანსი“ მოუწოდებს ფარმაცევტულ კორპორაციებს, რომლებიც ვაქცინის წარმოებაზე მუშაობენ, უარი თქვან ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე და თავიანთი კვლევები სხვა ქვეყნების მეცნიერებსაც გაუზიარონ. ეს საშუალებას მისცემს მათ ვაქცინა საკუთარ ქვეყნებშიც გამოუშვან და დეფიციტი აღმოფხვრან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამ მიზნით სპეციალური პლატფორმა შეიქმნა, მაგრამ ჯერჯერობით ვაქცინის მწარმოებელი მსხვილი ფარმაცევტული კორპორაციები არ იღებენ ვალდებულებას, რომ თავიანთი კვლევის შედეგები სხვებსაც გაუზიარონ