"შესაძლოა, თურქეთ-სომხეთის ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაიშალოს"- რას გულისხმობს ერდოღანის "ექვსეულის პლატფორმა" | Allnews.Ge

"შესაძლოა, თურქეთ-სომხეთის ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაიშალოს"- რას გულისხმობს ერდოღანის "ექვსეულის პლატფორმა"

„ექვსეულის პლატფორმა“, რომელზედაც ჩვენ ვმუშაობთ, არის ინიციატივა, რომელიც სარგებელის ნახვის შესაძლებლობას ყველას მისცემს, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ სომხეთი „ექვსეულის პლატფორმას“ შეუერთდება თურქეთ-სომხეთის ურთიერთობებში, შესაძლოა, ახალი ფურცელი გადაიშალოს.

„თუკი სომხეთი გადაწყვეტს, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს და პოზიტიურ ნაბიჯებს გადადგამს, შესაძლოა, თურქეთ-სომხეთის ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაიშალოს“,- აღნიშნა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა გუშინ ბაქოში ვიზიტისას განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასავითარებლად შესაძლებელია შეიქმნას „ექვსეულის პლატფორმა“. „დღეს ჩემ ძმასთან (ილჰამ ალიევთან) ერთად განვიხილავდით შესაძლებლობას შეიქმნას პლატფორმა ექვსი ქვეყნისგან, რომელშიც იქნებიან აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი, საქართველო და სურვილის შემთხვევაში სომხეთი. ეს იქნებოდა კარგი თანამშრომლობა რეგიონის განსავითარებლად“, - განაცხადა ერდოღანმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე.