"საიდუმლო დაავადება", რომლის გამოც ინდოეთში 227 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა - "პაციენტებს თვალები ეწვოდათ, ზოგი კი გონებას კარგავდა" | Allnews.Ge

"საიდუმლო დაავადება", რომლის გამოც ინდოეთში 227 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა - "პაციენტებს თვალები ეწვოდათ, ზოგი კი გონებას კარგავდა"

ინდოეთის სამხრეთით მდებარე ანდრა პრადეშის შტატში, ქალაქ ელურუში, დაუდგენელი დაავადებით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 227 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ BBC წერს.

ექიმების თქმით, პაციენტებს ჰქონდათ სიმპტომების ფართო სპექტრი, გულისრევიდან დაწყებული, გონების დაკარგვით დამთავრებული. სპეციალისტები ამ ეტაპზე დაავადების გამომწვევ მიზეზებს სწავლობენ.

როგორც BBC წერს, ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა ინდოეთში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს და ის ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს მეორე ქვეყანაა. ამასთან, ანდრა პრადეშის შტატს პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა. იქ კორონავირუსის 800 000-ზე მეტი შემთხვევაა აღწერილი და ამ რაოდენობით ინდოეთის შტატებს შორის მესამე ადგილს იკავებს.

როგორც ოფიციალური პირები განმარტავენ, კოვიდ-19 არ გამხდარა ზემოთ აღნიშნული დაავადების გამომწვევი მიზეზი. შტატის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, უცნობი დაავადების მქონე არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

"ადამიანებს, უმეტესად კი ბავშვებს, მოულოდნელად დაეწყოთ ღებინება, ეწვოდათ თვალები, ზოგიერთი მათგანი კრუნჩხვაში ჩავარდა და გონება დაკარგა“, - ამბობს ინდურ გამოცემასთან The Indian Express-სთან ადგილობრივი საავადმყოფოს სამედიცინო წარმომადგენელი.

ამ ეტაპზე 70 ადამიანი გაწერეს, ხოლო 157 კვლავ აგრძელებს მკურნალობას. ელურუში გაგზავნეს სპეციალური სამედიცინო ჯგუფები დაავადების გამომწვევი მიზეზების დასადგენად. შტატის ჯანდაცვის მინისტრის, ალა კალი კრიშნა სრივანესის ინფორმაციით, პაციენტთა სისხლში რაიმე ვირუსული ინფექციის კვალი არ აღმოჩენილა.

"ჩვენ გამოვრიცხეთ, რომ მიზეზი წყლის, ან ჰაერის დაბინძურება იყოს, მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა პირებმა მოინახულეს და შეისწავლეს ის ადგილები, სადაც ადამიანები დაავადნენ. ეს რაღაც საიდუმლოებით მოცული დაავადებაა და მხოლოდ ლაბორატორიული კვლევებით დადგინდება თუ რასთან გვაქვს საქმე“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

როგორც BBC წერს, ოპოზიციის წარმომადგენლები მოითხოვენ გამოძიების დაუყოვნებლივ ჩატარებას და თვლიან, რომ შესაძლოა, ამ "საიდუმლო დაავადების" მიზეზი ჰაერის დაბინძურება იყოს.