ევროკავშირმა კორონავირუსის ვაქცინები, შესაძლოა, წლის ბოლომდე დაამტკიცოს- ურსულა ფონ დერ ლეიენი | Allnews.Ge

ევროკავშირმა კორონავირუსის ვაქცინები, შესაძლოა, წლის ბოლომდე დაამტკიცოს- ურსულა ფონ დერ ლეიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი აცხადებს, რომ ევროკავშირმა Moderna-სა და Pfizer/ BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დაამტკიცოს, რაც მათი ევროპაში განაწილების შესაძლებლობას შექმნის, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კოვიდ 19-ის ვაქცინების შეფასების მიზნით ევროპის მედიცინის სააგენტო (EMA) აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციასთან დისკუსიებს ყოველდღიურ რეჟიმში მართავს.

„თუ ყველა პროცედურა შეუფერხებლად წარიმართება, ევროპის მედიცინის სააგენტომ, Pfizer / BioNTech და Moderna– ს ვაქცინებს, ავტორიზაცია, შესაძლოა, დეკემბრის მეორე ნახევარში მიანიჭოს,“- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

ცნობისათვის, ევროკომისიას ვაქცინების წინასწარ შეკვეთის მიზნით დღემდე ხუთი კონტრაქტი აქვს გაფორმებული : შვედურ-ბრიტანულ კომპანია AstraZenaca- სთან, ამერიკულ კომპანია Johnson & Johnson- თან, ფრანგულ-ბრიტანულ დუეტ Sanofi-GSK- თან, აშშ-გერმანულ დუეტ Pfizer / BioNTech- სა და გერმანულ CureVa- სთან.