მეთიუ მაკკონაჰი პოლიტიკაში მოსვლას აპირებს - მსახიობს ტეხასის გუბერნატორობა სურს | Allnews.Ge

მეთიუ მაკკონაჰი პოლიტიკაში მოსვლას აპირებს - მსახიობს ტეხასის გუბერნატორობა სურს

მსახიობების პოლიტიკაში გადაბარგება უცხო არც ერთი ქვეყნისთვის, მათ შორის, არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არაა. ამჯერად შესაძლოა ჰოლივუდის ვარსკვლავი, მსახიობი მეთიუ მაკკონაჰი პოლიტიკაში ვიხილოთ. როგორც NBC წერს, მეთიუმ სამშაბათს ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში თქვა, რომ მას ტეხასის გუბერნატორობა სურს.

აღნიშნულის შესახებ მსახიობმა The Hugh Hewitt Show-ში ისაუბრა, თუმცა მისივე თქმით, ყოველივე არა მასზე, არამედ ხალხზე იქნება დამოკიდებული. "არ ვიცი, ვგულისხმობ იმას, რომ ეს არ იქნებოდა ჩემზე დამოკიდებული, ჩემზე მეტად ეს ხალხზეა დამოკიდებული", - ამბობს მეთიუ. მისი თქმით, პოლიტიკა ადამიანის მიზანი არ უნდა იყოს. მეთიუ მიიჩნევს, რომ ამერიკელები ახლა ერთმანეთს არ ენდობიან და ადამიანები პოლიტიკამ ერთმანეთთან დააშორა, პოლიტიკაში მოსვლის შემთხვევაში კი მისი მიზანი ადამიანების კვლავ გაერთიანება იქნება.

მან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისი აზრით, ჯო ბაიდენის გამარჯვება ამერიკას სტაბილურობას მოუტანს.

აღსანიშნავია, რომ მეთიუ მაკკონაჰი ერთ-ერთ ყველაზე ინტელექტუალ და ჭკვიან მსახიობად მიიჩნევა ჰოლივუდში. 2019 წელს ის ტეხასის უნივერსიტეტის რადიო-ტელევიზია-ფილმის კათედრაზე ლექტორი გახდა. მაკკონაჰს 50-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის ყველაზე წარმატებული კი მისთვის ფილმი "დალასის შემსყიდველთა კლუბი." ამ ფილმში შესრულებული როლისთვის მან ოსკარი და ოქროს გლობუსი მოიპოვა. ცნობისთვის, ტეხასში გუბერნატორის არჩევნები 2022 წელს გაიმართება.