"თუ ჩემი შვილები ვერ იცხოვრებენ ამ სახლში, მაშინ ვერავინ იცხოვრებს აქ" - სომხები, რომლებიც ყარაბაღს ტოვებენ, საკუთარ სახლებს წვავენ | Allnews.Ge

"თუ ჩემი შვილები ვერ იცხოვრებენ ამ სახლში, მაშინ ვერავინ იცხოვრებს აქ" - სომხები, რომლებიც ყარაბაღს ტოვებენ, საკუთარ სახლებს წვავენ

მთიანი ყარაბაღის ზოგიერთ სოფელში, რომელიც 9 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად აზერბაიჯანს უნდა გადაეცეს, სომხები თავიანთ სახლებს ტოვებენ. როგორც BBC-ის მოსკოვის ბიუროს ჟურნალისტები, ვილ ვერნონი და იური ვენდიკი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერენ, ზოგიერთი მათგანი სახლს წვავს და ამბობს, რომ არ სურთ მათი წასვლის შემდეგ იქ ვინმემ იცხოვროს.

"დღევანდელი დღე მთიანი ყარაბაღის სოფელ დადივანკში გავატარეთ. რეგიონი ორ დღეში აზერბაიჯანს გადაეცემა. ბევრი ადგილობრივი ცლის საკუთარ სახლს და მიემგზავრება. ზოგიერთი სახლს ცეცხლსაც კი უკიდებს, რათა აზერბაიჯანელების ხელში არ აღმოჩნდეს",- წერს ვილ ვერნონი და გვიზიარებს სიუჟეტს, სადაც ჩანს, თუ როგორ ტოვებენ სახლებს სომხები.

"ეს ომი რომ კიდევ გაგრძელებულიყო, ჩვენ ყველანი დავიხოცებოდით. აზერბაიჯანს აქვს ჩვენზე მეტი ფული და იარაღი", - ამბობს BBC-სთან ერთ-ერთი სომეხი ჯარისკაცი.

სომხეთს ერთ კვირაზე ნაკლები მისცეს ტერიტორიის დასატოვებლად. სარქისიც მათ შორისაა, ვისაც საცხოვრებელი ადგილის დატოვება უწევს. მას ყველაფერი მიაქვს სახლიდან. ფანჯრებიც კი ჩამოხსნა.

ზოგიერთი სომეხი კი ამბობს, რომ თუ ისინი აქედან უნდა წავიდნენ, არაფერს დატოვებენ. მაგალითად, ბადალიანების ოჯახმა თავიანთი სახლი გაანადგურა, დაწვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერც ერთი აზერბაიჯანელი იქ ცხოვრებას ვერ შეძლებს.

"არ შემიძლია, რომ ეს სახლი ვინმეს დავუტოვო. მიგვაქვს ყველაფერი, რისი წაღებაც შეგვიძლია, დანარჩენს კი ვწვავ. თუ ჩემი შვილები ვერ გამოიყენებენ ამ სახლს, მაშინ ვერც ვერავინ შეძლებს მის გამოყენებას" - ამბობს ოჯახის ერთ-ერთი წევრი.

ცნობისთვის, რუსეთის, აზერბაიაჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ მიღწეული შეთანხმების თანახმად, სომხეთმა აზერბაიჯანს ქალბაჯარის რეგიონი 15 ნოემბრამდე უნდა გადასცეს.