"აღარანაირი მაიკლი“: ვენტვორთ მილერმა "გაქცევა“ დატოვა, რადგანაც ჰეტეროსექსუალის როლის შესრულება აღარ სურს | Allnews.Ge

"აღარანაირი მაიკლი“: ვენტვორთ მილერმა "გაქცევა“ დატოვა, რადგანაც ჰეტეროსექსუალის როლის შესრულება აღარ სურს

პოპულარული სერიალის "ციხიდან გაქცევის" მთავარი ვარსკვლავი, ვენტვორთ მილერი, აღარ აპირებს აღნიშნული სერიალის ახალ სეზონში მონაწილეობის მიღებას და შესაბამისად, მაყურებელი მის გმირს, მაიკლ სკოფილდს ვეღარ იხილავს.

ამის შესახებ მსახიობმა "ინსტაგრამის" პირად გვერდზე დაწერა. ვენტვორთ მილერის განმარტებით, მიზეზი ისაა, რომ მას აღარ სურს ჰეტეროსექსუალის როლის შესრულება.

"გამოვეთიშე გაქცევას, რადგანაც აღარ მინდა ჰეტეროსექსუალი გმირები განვასახიერო. მათი ამბები ისედაც ბევრჯერაა მოთხრობილი. მაიკლს ეკრანზე ვეღარ ნახავთ. მესმის შოუს ფანების იმედგაცრუება", - წერს მსახიობი. ის განმარტავს, რომ ამიერიდან გეი პერსონაჟების როლის შესრულება სურს.

აღსანიშნავია, რომ ვენტვორთ მილერს მხარდაჭერა გამოუცხადა მსახიობმა დომინიკ პარსელმა, რომელიც "გაქცევაში" მაიკლ სკოფილდის ძმის როლს თამაშობს.

"სრულად გიჭერ მხარს და მესმის შენი. ბედნიერი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება შენი ჯანმრთელობისა და სიმართლისთვის მიიღე. მიყვარხარ, ძმაო", - წერს კომენტარებში დომინიკ პარსელი.

ვენტვორთ მილერს მხარდაჭერა გამოუცხადა სერიალში მისი რომანტიკული პარტნიორის, სარას როლის შემსრულებელმა, მსახიობმა სარა უეინ კელიზმაც. მან "ინსტაგრამზე" მილერთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ვრცელი ტექსტი დაწერა:

"გუშინ ვენტვორთ მილერმა განაცხადა, რომ ის აღარ ითამაშებს მაიკლ სკოფილდის როლს, იმიტომ რომ, როგორც გეი მამაკაცს, მას სურს ფოკუსირება მოახდინოს გეი პერსონაჟებზე.

მადლობა იმ საქმიანობისთვის, რაც ჩვენ ერთად გავაკეთეთ და ღრმა სიყვარულით გამოვხატავ ჩემს მხარდაჭერას ამ გადაწყვეტილებისადმი.

გულშემატკივრებს კი მივმართავ, "გაქცევის" შემოქმედებით გუნდი მეობრულები არიან LGBTQ თემისადმი. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უფლებებსა და შემოქმედებით საქმიანობას, მუდამ და ყოველთვის. და თუ ეს ვინმესთვის პრობლემაა, ეს თქვენი საქმეა" - წერს სარა უეინ კელიზი.