ბელარუსში სამართალდამცავებმა 1000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს | Allnews.Ge

ბელარუსში სამართალდამცავებმა 1000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

ბელარუსში კვირას გამართული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა 1000-ზე მეტი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი „ვიასნა“ ავრცელებს.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ დემონსტრანტები როგორც დედაქალაქ მინსკში, ასევე ქვეყნის სხვა ქალაქებში გამართულ საპროტესტო აქციებზე დააკავეს. მედიის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არის სილამაზის კონკურს "მის ბელარუსის" 2008 წლის გამარჯვებული ოლგა ხიჟენკოვა. ვრცელდება ინფორმაცია ჟურნალისტების დაკავების შესახებაც.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.