აშშ-ში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება- ვინ გაიმარჯვებს ტრამპი თუ ბაიდენი? | Allnews.Ge

აშშ-ში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება- ვინ გაიმარჯვებს ტრამპი თუ ბაიდენი?

დღეს აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და ამერიკელი ხალხი მომავალ პრეზიდენტად მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ან ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, აირჩევს. BBC-ის ინფორმაციით, 97 მილიონმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით ისარგებლა და არჩევანი უკვე გააკეთა.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად, ირჩევს.

არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენასა და გამარჯვებულის გამოვლენას, შესაძლოა, რამდენიმე დღე ან კვირაც კი დასჭირდეს, ვინაიდან, კორონავირუსის პანდემიის გამო, წლევანდელ არჩევნებზე ფოსტის საშუალებით ხმა უპრეცედენტოდ ბევრმა ადამიანმა მისცა და სხვადასხვა შტატს ამ ხმების დათვლის განსხვავებული წესი აქვს.

აღსანიშნავია, რომ Reuters/Ipsos-ის მიერ 27-29 ოქტომბერს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ჯო ბაიდენს მხარს ამომრჩევლების 51%, დონალდ ტრამპს კი - 43% უჭერს.