ვინ ლიდერობს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?- ქვეყანაში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 80 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა | Allnews.Ge

ვინ ლიდერობს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?- ქვეყანაში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 80 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 80 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეს მაჩვენებელი ქვეყნისთვის რეკორდულია და 2016 წლის არჩევნებში დაფიქსირებული ამომრჩეველთა აქტივობის 58%-ს შეადგენს.

ამომრჩეველთა ნაწილმა ხმა ფოსტის საშუალებით, ნაწილმა კი - წინასწარ გახსნილ საარჩევნო უბნებზე მისცა.

Reuters-ი წერს, რომ 20 შტატიდან მიღებული მონაცემების თანახმად, არჩევნებში ხმა 18.2 მილიონმა "დემოკრატმა", 11.5 მილიონმა "რესპუბლიკელმა" და 8.8 მილიონმა იმ მოქალაქემ მისცა, რომელიც არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ ჯო ბაიდენს დონალდ ტრამპზე მაღალი რეიტინგი აქვს.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.