ესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 6 თვით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა | Allnews.Ge

ესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 6 თვით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

ესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ექვსი თვით, 9 მაისამდე, გახანგრძლივების საკითხს მხარი დაუჭირა, რაც რეგიონულ ხელისუფლებას კორონავირუსის მეორე ტალღის კონტროლისთვის დამატებით უფლებამოსილებას აძლევს.

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა 194-მა დეპუტატმა, 53 კი წინააღმდეგი იყო.

ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება, ამასთან, რეგიონულ მმართველებს უფლებამოსილებას უტოვებს საკუთარი ზომები თავად გადაწყვიტონ და შეზღუდვების პაკეტი თვითონ შეიმუშაონ. პირველად ესპანეთის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა მარტის შუა რიცხვებში გამოცხადდა და ივნისის ბოლომდე გასტანა. შემდგომ, ზაფხულის პერიოდში, ესპანეთში დაინფიცირების მაჩვენებელმა შედარებით იკლო, თუმცა შემოდგომით სიტუაცია კვლავ გაუარესდა. რამდენიმე დღის წინ ესპანეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, სადაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა.

ესპანეთში, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, კვირას, საყოველთაო საგანგებო მდგომარეობა ორი კვირით გამოცხადდა და ღამის ე.წ. "კომენდანტის საათი" დაწესდა. პარალელურად, მთავრობამ პარლამენტს მათი 6 თვით გახანგრძლივების თხოვნით მიმართა.