საყოველთაო კარანტინის გამო ისრაელში მოქალაქეებს საკუთარი სახლებიდან 500 მეტრის რადიუსზე შორს წასვლის უფლება არ ექნებათ | Allnews.Ge

საყოველთაო კარანტინის გამო ისრაელში მოქალაქეებს საკუთარი სახლებიდან 500 მეტრის რადიუსზე შორს წასვლის უფლება არ ექნებათ

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ისრაელში დღეიდან 3 -კვირიანი საყოველთაო კარანტინი იწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ კარანტინის დაწყება ემთხვევა ქვეყანაში ებრაული ახალი წლის დაწყებას, რომელიც დაკავშირებულია დიდ ოჯახურ შეკრებებსა და ლოცვების ჯგუფურად ჩატარებასთან.

ახალი წესების თანახმად, ისრაელში მოქალაქეებს საკუთარი სახლებიდან 500 მეტრის რადიუსზე შორს წასვლის უფლება არ ექნებათ, გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევებში დაიშვება, თუკი მოქალაქე სამსახურში, პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად ან სავარჯიშოდ მიდის.

სინაგოგებში აუცილებელი ხდება სოციალური დისტანციის წესების დაცვა, შეზღუდვა წესდება სინაგოგებში მყოფი მორწმუნეების რაოდენობაზეც.

ცნობისათვის, ეს, პანდემიის დაწყების დროიდან, ისრაელში გამოცხადებული მეორე საყოველთაო კარანტინია. პირველად კარანტინი მარტის ბოლოს დაწესდა და მაისში მოიხსნა. თუმცა, ქვეყნის ლიდერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, შეზღუდვების მოხსნა ნაადრევი აღმოჩნდა, ვინაიდან ბოლო პერიოდში ახალი შემთხვევების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა და ზოგიერთ დღეს 5 000-საც კი გადააჭარბა. Worldometers-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყების დროიდან, ისრაელში კორონავირუსის 176 933 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 129 394 და დაღუპულია 1 169 ადამიანი.