ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპმა იცოდა, როგორი საშიში დაავადებაც იყო კორონავირუსი, თუმცა ამერიკელ ხალხს ატყუებდა | Allnews.Ge

ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპმა იცოდა, როგორი საშიში დაავადებაც იყო კორონავირუსი, თუმცა ამერიკელ ხალხს ატყუებდა

დონალდ ტრამპმა იცოდა, როგორი სასიკვდილო დაავადებაც იყო კორონავირუსი, თუმცა ამერიკელ ხალხს ატყუებდა და მას ნაკლებმნიშვნელოვნად წარმოაჩენდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის "დემოკრატმა"" კანდიდატმა ჯო ბაიდენმა მიჩიგანში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

"მან იცოდა რომ ის ჰაერით გადადიოდა, იცოდა, როგორი სასიკვდილო დაავადება იყო, გაცილებით უფრო სასიკვდილო, ვიდრე გრიპის ვირუსი. იცოდა და მას ნაკლებმნიშვნელოვნად გამიზნულად წარმოაჩენდა. ეს კიდევ უარესია. ის ამერიკელ ხალხს ატყუებდა,"- აღნიშნა ბაიდენმა.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპს კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია თავიდანვე ჰქონდა, თუმცა მიზანმიმართულად ცრუობდა.

"მან შეგნებულად და გამიზნულად თქვა ტყუილი იმ საფრთხის შესახებ, რომელიც ქვეყანას თვეების განმავლობაში ემუქრებოდა. მას ჰქონდა ინფორმაცია. მან იცოდა, რამდენად საშიში იყო ეს. მაშინ კი, როდესაც ეს სასიკვდილო დაავადება ჩვენს ქვეყანაში გაჩნდა, მან განზრახ ვერ შეასრულა სათანადოდ თავისი საქმე, "- აღნიშნა ჯო ბაიდენმა.