რა ხდება გერმანიაში, სადაც აქტივისტებმა რაიხსტაგში შეღწევა სცადეს | Allnews.Ge

რა ხდება გერმანიაში, სადაც აქტივისტებმა რაიხსტაგში შეღწევა სცადეს

გერმანელი პოლიტიკოსები კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამათული საპროტესტო აქციის მონაწილეეების რაიხსტაგში შეღწევის მცდელობას მწვავედ აკრიტიკებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აცხადებს, რომ ეს იყო "შეუწყნარებელი შეტევა დემოკრატიის გულზე".

"ისინი მემარჯვენე ექსტრემისტთა ბრბო არიან," - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰორსტ ზეეჰოფერმა კი განაცხადა, რომ რაიხსტაგის შენობა პარლამენტის ადგილსამყოფელია და შესაბამისად, ლიბერალური დემოკრატიის სიმბოლური ცენტრია.

"ფაქტი, რომ ქაოსის წამომწყებები და ექსტრემისტები მას საკუთარი მიზნებისთვის ესხმიან თავს, ეს მიუღებელია", - აღნიშნა მან.

ინციდენტს სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი.

"პარლამენტის წინ გერმანიის რაიხის დროშების განთავსება, სირცხვილია,"- წერს ჰეიკო მაასი.

ცნობისთვის, შაბათს, ბერლინში, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს 33 სამართალდამცავი დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები და ბოთლები დაუშინეს, რის საპასუხოდაც სამართალდამცავებმა ე.წ. "წიწაკის სპრეი" გამოიყენეს და 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ბერლინის პოლიციის განცხადებით, აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტზე შტურმი სცადა.