ჰონგ-კონგში მსოფლიოში კორონავირუსით ხელახლა დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა | Allnews.Ge

ჰონგ-კონგში მსოფლიოში კორონავირუსით ხელახლა დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ჰონგ კონგელი მეცნიერების მტკიცებით, მათ კოვიდ-19-ით ხელახლა ინფიცირების შემთხვევა გამოავლინეს. მათი ცნობით, 33 წლის მამაკაცს, რომელიც კორონავირუსით პირველად ოთხი თვის წინ დაინფიცირდა, ვირუსი მეორედ დაუდასტურდა.

BBC-ი წერს, რომ ეს კორონავირუსით ხელახლა ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევაა მსოფლიოში. პირველი ინფიცირების დროს მამაკაცს მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა და სრულ გამოჯანმრთელებამდე 14 დღე საავადმყოფოში გაატარა, ხოლო ხელმეორედ დაინფიცირების დროს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა. მომხდართან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მხოლოდ ერთ პაციენტზე დაყრდნობით დასკვნა არ უნდა გაკეთდეს. ექსპერტების ნაწილი კი თვლის, რომ ხელახალი ინფიცირება, შესაძლოა, ძალიან იშვიათი შემთხვევა იყოს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ კოვიდინფიცირებულ ადამიანს ვირუსის მიმართ იმუნიტეტი უყალიბდება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად ძლიერია ეს იმუნიტეტი, ან რამდენ ხანს ნარჩუნდება.