ქვეყანა, სადაც 13 მილიონ ადამიანს შიმშილი ემუქრება | Allnews.Ge

ქვეყანა, სადაც 13 მილიონ ადამიანს შიმშილი ემუქრება

იემენში 13 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, გაეროში აცხადებენ და მოუწოდებენ სამხედრო კოალიციას, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს, შეწყვიტოს ავიაიერიშები, რომელსაც იემენში სამოქალაქო პირები ეწირებიან.

გაეროს ცნობით, ეს ქმნის საფრთხეს, რომ იემენი მსოფლიოში ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბური შიმშილის წინაშე აღმოჩნდება.

იემენში სამოქალაქო ომი სამი წლის წინ დაიწყო, მაშინ როდესაც ჰუსიტმა ამბოხებულებმა, რომელთაც ირანი უჭერს მხარს, ქვეყნის დიდ ნაწილზე დაამყარა კონტროლი, მათ შორის დედაქალაქ სანააზე.

მას შემდეგ საუდის არაბეთი აშშ-თან, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთთან ერთად იემენის მთავრობის მხარდასაჭერად ავიაიერიშებს და ბლოკადას ახორციელებს.

"ომმა, შესაძლოა, იემენელი ბავშვების მთლიანი თაობა შეიწიროს" - ქვეყანაში 5 მილიონი ბავშვი შიმშილის წინაშე დგას

"ბიბისიმ" იემენში რეპორტაჟი გააკეთა. ჟურნალისტმა იემენში საკვების ნაკლებობის გამო ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვები გადაიღო და აჩვენა, თუ როგორ გაჭირვებაში ცხოვრობენ ისინი დღეს.

გაეროში იმედი აქვთ, რომ ბლოკადა დასრულდება, რამაც იემენში საკვების დეფიციტი და პროდუქტებზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

"ვფიქრობ, რაც 21-ე საუკუნეში გადავედით, ბევრი ჩვენგანი ფიქრობდა, რომ წარმოუდგენელი იყო, ისეთი მასშტაბური შიმშილი დაწყებულიყო, როგორიც ჩვენ ვნახეთ ეთიოპიაში, ბენგალში და საბჭოთა კავშირის ნაწილში. ბევრი ჩვენგანი დარწმუნებული იყო, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდებოდა, თუმცა, რეალობა ისაა, რომ იემენში ჩვენ ვხედავთ ახლა მსგავს სიტუაციას. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 12-13 მილიონი უდანაშაულო მოქალაქე დაიღუპება საკვების ნაკლებობის გამო", - განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა.

თუმცა, ბევრი, ვინც გადაურჩა შიმშილს, ვერ გადაურჩა დაბომბვას. კონფლიქტს სულ მცირე 10 000 ადამიანი შეეწირა, მილიონობით კი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

მოსახლეობა მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას გადადგან საჭირო ნაბიჯები იემენში ვითარების შესაცვლელად.

"ჩვენი მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებისა და ევროპული ქვეყნების მიმართ იქნება ის, რომ ნახონ რა ხდება აქ. ვითარება კიდევ უფრო უარესდება, რა გავაკეთეთ არასწორად? რატომ ვიმსახურებთ ალყაში ყოფნას? რა დავაშავეთ?", - განუცხადა "ბიბისის" ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

სამ წელზე მეტია, იემენში მიმდინარე დაპირისპირება მივიწყებულ კონფლიქტად არის ქცეული.

myquiz