მარინ ლე პენს ბრალი დაუმძიმდა | Allnews.Ge

მარინ ლე პენს ბრალი დაუმძიმდა

საფრანგეთის სასამართლომ მემარჯვენე პარტია "ეროვნული გაერთიანების" ლიდერის, მარინ ლე პენის წინააღმდეგ ბრალი დაამძიმა. ამის შესახებ რადიოსადგური Europe 1 იუწყება.

"პარასკევს მარინ ლე პენი ევროპარლამენტარების თანაშემწეების ფიქტიური დასაქმების საქმეზე, პარიზის პროკურატურის გამომძიებელი მოსამართლეების წინაშე წარდგა. მისი გარემოცვის ინფორმაციით, მოსამართლეებმა წარდგენილი ბრალდებების გადაკვალიფიცირება მოახდინეს", - იუწყება რადიოსადგური.

როგორც მიმდინარე წლის ივლისში გახდა ცნობილი, პარიზის პროკურატურის გამომძიებელმა მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ სახელმწიფო დოტაციის სახით 2 მილიონი ევროს გადახდა, რაც "ეროვნულ გაერთიანებას", სხვა პარტიების მსგავსად, ბიუჯეტიდან უნდა მიეღო. გამოძიება პარტიას ევროპული სახსრების მითვისების მიზნით ფარული სისტემის შექმნაში ადანაშაულებს.