რუსეთში დედოლარიზაციას გეგმავენ - სავაჭრო პარტნიორებთან ანგარიშწორება, შესაძლოა, რუბლში დაიწყოს | Allnews.Ge

რუსეთში დედოლარიზაციას გეგმავენ - სავაჭრო პარტნიორებთან ანგარიშწორება, შესაძლოა, რუბლში დაიწყოს

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების გამო რუსი მაღალჩინოსნები და ბანკირები აქტიურად განიხილავენ იმას თუ როგორ შეიძლება რუსული ეკონომიკის დოლარზე დამოკიდებულების შემცირება. სახელმწიფო ბანკების მიმართ მკაცრი დასავლური სანქციების დაწესების შესახებ არსებულმა საუბრებმა და სავალუტო დეპოზიტების რუბლში იძულებითმა კონვერტაციამ უკვე გამოიწვია ბანკებიდან სახსრების გადინება. სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფმა ВТБ ბანკმა რუსეთის ეკონომიკის დედოლარიზაციის პროგრამა შეიმუშავა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე მოიწონა.

სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელმა ანდრეი კოსტინმა განმარტა, რომ დოლარზე უარის სრულად თქმაზე საუბარი არ არის, თუმცა ხელისუფლება გეგმავს, სავაჭრო ბრუნვაში ამერიკული ვალუტის როლი შეამციროს.

"ადგილიდან უნდა დავიძრათ, პატარა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, თუნდაც ახალ კონტრაქტებთან მიმართებით, სამომავლოდ. არ ვფიქრობ რომ ყველაფერს დაუყოვნებლივ უნდა გადავხედოთ. იმედი მაქვს, სიტუაცია ამდენად კრიტიკულიც არ იქნება"- განაცხადა კოსტინმა.

ВТБ ბანკის გეგმა ანდრეი კოსტინის განმარტებით, რამდენიმე ღონისძიების განხორციელებას გულისხმობს:

• სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ოპერაციების განხორციელებისას ალტერნატიულ ვალუტებზე დაჩქარებულ გადასვლას (ევრო, იუანი, რუბლი)

• საზღვარგარეთ დარეგისტრირებული რუსული ჰოლდინგების რუსეთის იურისდიქციაში გადაყვანას.

• რუსი ემიტენტების ევროობლიგაციების Euroclear-ის ნაცვლად, რუსულ პლატფორმაზე განთავსებას.

აღნიშნულ გეგმას ფინანსთა სამინისტროშიც დაუჭირეს მხარი.

იმ შემთხვევაში თუ რუსეთის მიმართ ნოემბერში ამოქმედდება ის სანქციები, რომელთან დაკავშირებითაც აშშ-მ ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში შეიმუშავა კანონპროექტი, მაშინ არა მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო ბანკების ბიზნესი დაზარალდება, არამედ მომხმარებლების ინტერესებსაც მიადგება ზარალი.

კოსტინმა გასულ თვეს განაცხადა, რომ სანქციების შემოღების შემთხვევაში სავალუტო დეპოზიტების გადახდა, შესაძლოა, რუბლში მოქმედი კურსის მიხედვით განხორციელდეს.

სავალუტო დეპოზიტების რუბლში იძულებითი კონვერტაციის შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ რუსეთში რეზონანსი გამოიწვია. იურისტები აცხადებდნენ, რომ უცხოურ ვალუტაში გაკეთებული შენატანის გადახდა იმავე ვალუტაში უნდა მოხდეს, თუმცა ექსპერტები ამბობდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი ტალღის შემოღება შეიძლება შეფასდეს, როგორც ფორს-მჟორული მდგომარეობა და ეს იქნება საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ მეანაბრესთან დადებული ხელშეკრულების პირობები შეიცვალოს.

საბანკო სტატისტიკამ აჩენა, რომ ამ განცხადებების გამო, მეანაბრეემა ჯერ კიდევ აგვისტოში დაიწყეს დეპოზიტებიდან თანხების მოხსნა.

წყარო: BBC

myquiz