გაიცანით ადამიანი, რომელმაც გერმანიაში ლტოლვილობას სირიაში მაშველობა ამჯობინა | Allnews.Ge

გაიცანით ადამიანი, რომელმაც გერმანიაში ლტოლვილობას სირიაში მაშველობა ამჯობინა

მუაზი გერმანიაში ლტოლვილი იყო, თუმცა სახლში დაბრუნება გადაწყვიტა და გერმანიიდან ისევ სირიაში ჩავიდა.

"ევროპაში კარგია, თუმცა, მე იქ თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ციხეში"- ამბობს მუაზი BBC-სთან საუბარში, - "დიახ, იდლიბი განადგურებულია, მაგრამ მე აქ იმედს ვხედავ".

სირიის ქალაქ იდლიბს ამბოხებულები აკონტროლებენ. სახელისუფლებო ძალები, ქალაქზე კონტროლის აღსადგენად, მას გამუდმებით თავს ესხმიან, ამიტომ ქალაქში შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. სახელისუფლებო ძალებს რუსეთი საჰაერო იერიშებით ეხმარება.

"იდლიბში ცხოვრება საფრთხეებითაა სავსე, ყოველთვის მზად ხარ საჰაერო თავდასხმებისთვის. მსოფლიოში, ალბათ, არ არსებობს იარაღი, რომელიც აქ, იდლიბში, არ გამოუყენებიათ", - ამბობს მუაზი.

სირიიდან ევროპაში მაშინ წავიდა, როდესაც ის ერთ-ერთი საჰაერო იერიშის დროს დაჭრეს.

"ჩემი ერთ-ერთი მეგობარი მოკლეს, მეორემ ფეხი დაკარგა, მე ძლიერი დამწვრობა მივიღე. მსურდა, ომი უკან ჩამომეტოვებინა", - თუმცა, ევროპაში ცხოვრებამ მუაზის თავი მარტოსულად აგრძნობინა.

"ფიზიკურად ევროპაში ვიყავი, თუმცა, ჩემი სული სირიაში დარჩა. სულის უკმარისობას განვიცდიდი".

ერთხელ მან ნახა ვიდეო გერმანელზე, რომელიც ლტოლვილებს საბერძნეთში ეხმარებოდა და პირველი განცდა, რაც ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ დაეუფლა, სირცხვილი იყო.

"შემრცხვა. თუ ევროპელმა დატოვა თავისი ოჯახი და ქვეყანა იმისთვის, რომ ლტოლვილებს დახმარებოდა, მაშინ მეც შემეძლო, დახმარება გამეწია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სირიაში დარჩნენ."

სირიაში დაბრუნებული მუაზი მოხალისე-მაშველი გახდა.

"ერთხელ ნანგრევებში მოყოლილი გოგო გადავარჩინე. მან ღიმილითა და მადლიერების თვალებით შემომხედა. ეს ძალიან ძლიერი გრძნობა იყო".

myquiz