"ომმა, შესაძლოა, იემენელი ბავშვების მთლიანი თაობა შეიწიროს" - ქვეყანაში 5 მილიონი ბავშვი შიმშილის წინაშე დგას | Allnews.Ge

"ომმა, შესაძლოა, იემენელი ბავშვების მთლიანი თაობა შეიწიროს" - ქვეყანაში 5 მილიონი ბავშვი შიმშილის წინაშე დგას

იემენში კიდევ ერთი მილიონი ბავშვი დგას შიმშილის საფრთხის წინაშე. აღნიშნულ ინფორმაციას ორგანიზაცია Save the Children ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, საკვებ პროდუქტებზე ფასების მატებისა და ეროვნული ვალუტის ღირებულების შემცირების გამო, რაც მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტით არის განპირობებული, სულ უფრო ბევრი ოჯახი დგება შიმშილის პრობლემის წინაშე.

თუმცა კიდევ ერთი საფრთხე მთავარ საპორტო ქალაქ ჰოდეიდასთან მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას უკავშირდება, რომელიც ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების ძირითადი მიმღები პუნქტია. საპორტო ქალაქში გამწვავებული დაპირისპირების გამო მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ფერხდება, ზოგჯერ კი საერთოდ ვერ ხერხდება.

საქველმოქმედო ორგანიზაციების განმარტებით, იემენში ჯამში 5,2 მილიონი ბავშვი დგას შიმშილის წინაშე.

"მილიონობით ბავშვმა არ იცის როდის ან საერთოდ მიიღებს თუ არა საჭმლის მომდევნო ულუფას"- ამბობს ორგანიზაცია Save the Children-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰელე ტორნინგ-შმიდტი.

"ერთ-ერთ საავადმყოფოში, რომელსაც მე ჩრდილოეთ იემენში ვეწვიე, ბავშვები იმდენად დასუსტებულები იყვნენ შიმშილისგან, რომ ვერც კი ტიროდნენ. ამ ომმა, შესაძლოა, იემენელი ბავშვების მთლიანი თაობა შეიწიროს, რომლებიც მრავალი საფრთხის წინაშე არიან, დაწყებული ბომბებითა და შიმშილითა და ისეთი დაავადებებით დასრულებული, როგორიც ქოლერაა"- აღნიშნა ჰელე ტორნინგ-შმიდტმა.

გაეროს ინფორმაციით, ომს, რომელიც 2015 წელს ამბოხებულ ჰუსიტებსა და ხელისუფლებას შორის გამწვავდა 10 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 55 ათასი ადამიანი კი დაშავდა.

myquiz