რატომ გახდა სკრიპალების საქმეში მთავარ ეჭვმიტანილებთან ჩაწერილი ინტერვიუ სოციალურ ქსელში ხუმრობის მთავარი თემა | Allnews.Ge

რატომ გახდა სკრიპალების საქმეში მთავარ ეჭვმიტანილებთან ჩაწერილი ინტერვიუ სოციალურ ქსელში ხუმრობის მთავარი თემა

სკრიპალების საქმის მთავარმა ეჭვმიტანილებმა რუსლან ბოშიროვმა და ალექსანდრ პეტროვმა განაცხადეს, რომ სოლსბერიში ტურისტული მიზნით ჩავიდნენ. ამის შესახებ ბოშიროვმა და პეტროვმა ტელეარხ RT-სთან ინტერვიუში განაცხადეს.

"მეგობრებმა გვირჩიეს, ეს შესანიშნავი ქალაქი გვენახა. ეს ტურისტული ქალაქია. იქ ცნობილი ტაძარი დგას. ჩვენ ლონდონში დასასვენებლად ჩავედით, ეს ბიზნეს-ვიზიტი არ ყოფილა. ჩვენ ლონდონში ჩასვლა და სოლსბერის დათვალიერება გვქონდა დაგეგმილი", - განაცხადა პეტროვმა.

ამასთან, მათ დაადასტურეს, რომ რუსლან ბოშიროვი და ალექსანდრ პეტროვი მათი ნამდვილი სახელებია.

ბოშიროვმა ასევე განაცხადა, რომ მათ არ ჰქონიათ Nina Ricci-ს ბრენდის ქალის სუნამო, რომელშიც, ბრიტანული გამოძიების მტკიცებით, ნივთიერება "ნოვიჩოკი" იყო მოთავსებული.

"როგორ უნდა ჰქონოდა მამაკაცს ქალის სუნამო, ეს ხომ სისულელეა? როდესაც საბაჟოზე გადადიხარ, ყველაფერი მოწმდება. ჩვენ რომ რამე გვქონოდა, დაგვიწყებდნენ კითხვების დასმას, თუ რატომ აქვს მამაკაცს ბარგში ქალის სუნამო", -განაცხადა ბოშიროვმა.

განცხადებამ, რომლის მიხედვითაც სკრიპალების მოწამვლაში მთავარი ეჭვმიტანილები სოლსბერიში ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ, სოციალური ქსელის, როგორც რუსი ასევე ბრიტანელი მომხმარებელი გაამხიარულა.

"რა თქმა უნდა, ეს რუსები მხოლოდ ტურისტები იყვნენ. ყველამ იცის, რომ სოლსბერიში ორი მსოფლიო დონის ტურისტული ღირსშესანიშნაობაა: ტაძარი და სკრიპალების კარის ცნობილი სახელური" - წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი.

"გასაოცარია. ორი მამაკაცი ირწმუნება, რომ სოლსბერიში, როგორც ტურისტები ჩავიდნენ, თუმცა იმედგაცრუებულები დარჩნენ თოვლის გამო, რომელიც მიწაზე იდო, ამიტომ დაუყოვნებლივ სახლში დაბრუნდნენ... მოსკოვში. მარტში. სადაც ყველაფერი თოვლითაა დაფარული".

შეგახსენებთ, რომ ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მიმდინარე წლის 4 მარტს მოწამლეს. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ისინი რუსეთში დამზადებული ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება "ნოვიჩოკით" მოწამლეს.

myquiz