ამერიკის რამდენიმე შტატი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხლის მოლოდინში | Allnews.Ge

ამერიკის რამდენიმე შტატი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხლის მოლოდინში

ქარიშხალი "ფლორენსი", რომელიც აშშ-ს სამხრეთ აღმოსავლეთ სანაპიროს უახლოვდება, მეორე კატეგორიამდე შესუსტდა, - ამის შესახებ აშშ-ს ეროვნულ მეტეოროლოგიურ სამსახურში განაცხადეს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ქარიშხლის სიმძლავრის შესუსტების მიუხედავად, "ფლორენსი" ჯერ კიდევ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის.

ქარიშხლის სიჩქარემ იკლო და ის ახლა 175 კილომეტრ-საათია. მოსალოდნელია რომ ქარიშხალს კატასტროფული წყალდიდობა მოჰყვება. 10 მილიონი ადამიანი ახლა სტიქიის მოლოდინშია. ქარიშხალმა შესაძლოა კიდევ უფრო სამხრეთით გადაინაცვლოს, ამიტომ ჯორჯიას შტატი უკანასკნელია, რომელმაც საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ის შეუერთდა ჩრდიოლოეთ და სამხრეთ კაროლინას, ვირჯინიას, მერილენდსა და ვაშინგტონს.

გრინვიჩის დროით დილის 9 საათზე ქარიშხალი ფლორენსი ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე საპორტო ქალაქ ვილმინგტონის სამხრეთ აღმოსავლეთით 330 კილომეტრის დაშორებით იყო.

ჩრდილოეთ კაროლინის გუბერნატორის როი კუპერის თქმით, მომზადების დრო თითქმის ამოიწურა, რადგან კატასტროფა კარს არის მომდგარი და შესვლას აპირებს. ვირჯინიაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინაში 1,7 მილიონი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 5 მილიონზე მეტი ადამიანი ძლიერი ქარიშხლის საფრთხის ქვეშაა, 4 მილიონზე მეტი ადამიანი კი მოსალოდნელი შტორმის შესახებაა გაფრთხილებული.

ამ შემთხვევაში სიცოცხლისთვის ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელი მაინც შტორმია, რომლის დროსაც როგორც მოსალოდნელია ტალღების სიმაღლე 4 მეტრს მიაღწევს. ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომლის დროსაც მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იქნება, რომელიც ამერიკას თავს დასტყდომია. მოსალოდნელია, რომ ქარიშხლის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის ღირებულება 170 მილიარდი დოლარი იქნება, დაზიანდება დაახლოებით 759 ათასი სახლი - განაცხადეს ანალიტიკურმა კომპანია CoreLogic-ში.

მიუხედავად სავალდებულო ევაკუაციის გამოცხადებისა, არიან სანაპიროზე მცხოვრები ადამიანები, რომლებიც სახლების დატოვებას არ აპირებენ და დარწმუნებულები არიან, რომ ამ შტორმსაც გაუძლებენ.
გასული წლის აგვისტოს ერთ-ერთი უძლიერესი ქარიშხალი "მარია" თავს პუერტო რიკოს დაატყდა, 3 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და თითქმის მთელი ინფრასტრუქტურა გაანადგურა.

myquiz