ქორწილი დანაღმული მინდვრის გვერდით - რა ხდება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, სადაც კონფლიქტი გაიყინა | Allnews.Ge

ქორწილი დანაღმული მინდვრის გვერდით - რა ხდება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, სადაც კონფლიქტი გაიყინა

როდესაც ალინამ და იგორ ლესკინმა დაქორწინება გადაწყვიტეს, აღმოსავლეთ უკრაინის ინდუსტრიულ ქალაქ ავდეევკაში, ცერემონიის ადგილის შესარჩევად ორი ვარიანტი ჰქონდათ: ადგილობრივი სარეგისტრაციო ბიურო, ორი პატარა, ბნელი ოთახით ან საზოგადოებრივი ცენტრი ქუჩის ბოლოს. საბოლოოდ, მათ ცენტრი აარჩიეს, მიუხედავად იმისა რომ დანაღმული მინდვრის გვერდით იყო.

"ახლა რაკი დაქორწინდით, არ დაივიწყოთ მშობლები", თქვა რეგისტრატორმა, "და ხშირად მოდით ხოლმე და ინახულეთ". ეს უბრალო რჩევა თითქოს იმის შეხსენება იყო, რომ წლების მანძილზე ფრონტის ხაზთან მდებარე, ომისგან გადამწვარ ადგილებს ახალგაზრდები გამუდმებით ტოვებენ, თუმცა მშობლები ისევ იქ რჩებიან.

ოთხ წელზე მეტია, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და არაფერი განსაკუთრებული აღარ ხდება. ფრონტის ხაზი სტატიკურია და მის გარშემო ცხოვრება ჩვეულ რიტმში მიედინება - ან ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს. კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლები შეეგუვნენ საფრთხეს. სხვების მსგავსად ისინიც მუშაობენ, ამზადებენ საჭმელს, ერთობიან, უყვარდებათ, ქორწინდებიან და ზრდიან ბავშვებს.

თავადაც, როგორც დონეცკელმა, უკვე ვისწავლე, რომ ომსაც ეჩვევა ადამიანი და გამოცდილებას იძენს. მაგალითად, თავიდან, კონფლიქტის პირველ თვეებში, ჩემი უწინდელი ცხოვრებაც ჩამოიშალა დანგრეული შენობასავით, პანიკაში ვიყავი, მეშინოდა, მძულდა, თუმცა შემდეგ შევეჩვიე.

ნოვოლუგანსკის სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები, რომელიც ჭურვისგან დაზიანებულ სახლში შედის.

სასურსათო მაღაზიაში მისული, ჩემ წინ მდგომ მამაკაცს ვუყურებ, რომელსაც ერთ ხელში კალაშნიკოვი და ყუმბარმტყორცნი უჭირავს, მეორეში კი სოსისის პაკეტი. დაბადების დღის წვეულებაზე მიმავალს, ტანკების გავლა მიწევს. ზოგჯერ ტელევიზორის ხმას ვუწევ, რომ გარეთ დაბომბვის ხმა არ გავიგონო და ფილმიდან ყურადღება არ გადამატანინოს. ასეთ მომენტებში მიწევს საკუთარ თავს შევახსენო, რომ ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა, თუმცა ნებისმიერი ომი ამ ყველაფერს რუტინად აქცევს.

როდესაც ომი დაიწყო, სადავო ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა ფიქრობდა, რომ ის რამდენიმე კვირას გასტანდა და ყველაფერი დალაგდებოდა. ბევრმა მათგანმა ჩემოდანი ჩაალაგა და საზაფხულო არდადეგებზე წავიდა იმ იმედით, რომ დაბრუნებულებს ყველაფერი რიგზე დახდვებოდათ, თუმცა, აგვისტოში უკრაინის სამხედრო ძალები უფრო ძლიერ მტერთან დამარცხდნენ.

უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები აგებენ ფორტიფიკაციებს პესკთან ახლოს მდებარე ბაზაზე. ჯარისკაცები თავიანთი დროის უმეტეს ნაწილს მტრის პოზიციების ყურებაში ხარჯავენ. მსგავს აქტივობებზე უფრო მეტი დრო მიდის, ვიდრე რეალურ ბრძოლაზე.
ავდეევკის სანაპირო, სადაც ადრე კარიერი ფუნქციონირებდა, თუმცა, ფრონტის ხაზთან სიახლოვის გამო, მან მუშაობა შეწყვიტა და ახლა ადგილობრივების მიერ რეკრეაციულ ზონად გამოიყენება.

ამ ყველაფერმა ცხადი გახადა, რომ კონფლიქტი მალე არ მოგვარდებოდა. 2014 წლის 5 სექტემბერს საერთაშორისო მედიატორების დახმარებით ორმა მხარემ მინსკის პირველ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, 2015 წლის თებერვალში მეორე შეთანხმებაც გაფორმდა. ორივე მათგანის მიზანი ცეცხლის მყისიერი შეწყვეტა და ბუფერული ზონის შექმნა უფრო იყო, ვიდრე გრძელვადიანი სამშვიდობო სტრატეგიის შემუშავება.

ოთხი წლის თავზე მინსკის შეთანხმებების შედეგები კვლავ გაურკვეველია. ხელშეკრულებებმა შედარებით შეამცირეს ძალადობის დონე. გაეროს ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი დაახლოებით 10,000-ს აღწევს, რაც იმავე პრეიოდში უკრაინაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების დროს გარდაცვლილთა ოდენობაზე ნაკლებია.

ანა ბრეზიტსკაია, 19 წლის, ტორეცკის მუსიკალურ კოლეჯში დრამერობას სწავლობს. სკოლა ფრონტის ხაზიდან 7 კილომეტრში მდებარეობს, სტუდენტები ცდილობენ არ შეიმჩნიონ დაბომბვის ხმა, როდესაც რეპეტიციობენ. ანა აქ დონეცკიდან გადმოვიდა, სადაც უფრო დაძაბული ვითარება იყო. მას ფსიქოლოგიური ტრავმა ჰქონდა და ერთ თვალში სინათლეც დაკარგა. ვიქტორია კალინინა უკრაინული ენის პედაგოგია სკოლაში. 2014 წელს კოლეჯი დაიბომბა და კლასის ევაკუირება გახდა საჭირო.
მსოფლიოში არსებული სხვა კონფლიქტები და ჰუმანიტარული კრიზისები აადვილებს უკრაინის ომის დავიწყებას. სანაპიროზე გამორიყულ გარდაცვლილთა სხეულებისა და გაზით მოწამლული ბავშვების არარსებობა ნაკლებად იპყრობს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას. რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებიც უკრაინაში სამხედრო მოქმედებების გადასაღებად ჩამოვიდნენ, იმედგაცრუებულები დარჩნენ, რადგან ეს უმოძრაო ომია.

მას შემდეგ რაც კონფლიქტი დაიწყო, ფოტოჟურნალისტი ანასტასია ტეილორ-ლინდი და მე ამ თემაზე ვმუშაობთ. ამ ზაფხულს eyeWitness to Atrocities-თან ვმუშაობთ. აპლიკაციით, რომელიც ლონდონში დაფუძნებული საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის მიერ შეიქმნა, საშუალება გვაქვს ჩავწეროთ მოწმეთა ისტორიები. ერთად უკვე გადავიღეთ ფრონტის ხაზთან მცხოვრებლების ყოველდღიური ცხოვრება. ისინი ხშირ შემთხვევაში დაბომბვის წერტილიდან რამდენიმე კილომეტრში ცხოვრობენ და იმედი აქვთ, რომ მათ ისტორიებს ტკივილსა და გამძლეობაზე სხვებიც გაიგონებენ.

ელენა დიაჩკოვა და ალეკსანდრე დოკალენკო ძველ ავდეევკაში ბაღში მუშაობენ. მათი საკუთრება რამდენჯერმე დაიბომბა.
ალექსანდრა მოუნტიანი, მიროსლავა გრინიკი, ოლგა გრინიკი, ვიქტორია მოუტიანი და ვალენტინა მოუნტიანი - ოჯახის ყველა წევრი ოლგას სახლის უკანა ეზოში დროს ატარებს. სახლი ძველი ალდეევკას უკრაინული პოზიციებიდან 50 მეტრში მდებარეობს. ისინი შეიძლება მშვიდად გამოიყურებოდნენ დაბომბვისა და სროლის ხმაზე, თუმცა ეს ილუზიაა: უბრალოდ საფრთხის მასშტაბს ზომავენ.
მრევლი მონაწილეობას იღებს პროცესიაში.
6 მილიონი ადამიანისთვის ომი ყოველდღიური ცხოვრებაა. ტყვიები მუდამ ცვივა, ყოველ კვირა ჰყავთ ერთი-ორი დაჭრილი ან დაღუპული. გაეროს ცნობით, რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე მეტად დანაღმული ტერიტორიაა მსოფლიოში.

ბევრმა მათგანმა, ვინც ოთხი წლის წინ ჩაალაგა ჩემოდანი წასასვლელად, უკან დაბრუნდა. მეც უცხოეთში ვცხოვრობ, მაგრამ ქალაქს ხშირად ვსტუმრობ.

ვლადისლავი, საშუალო სკოლის კურსდამთავრებული ტორეცკიდან, სექტემბერში ომის ზონიდან მოშორებით მდებარე დიდ ქალაქში გადადის, სადაც სამხედრო აკადემიაში ისწვალის. ვიქტორია კოვტუმი, რენტგენის ლაბორატორიის ასისტენტი ტორეცკის ცენტრალურ საავადმყოფოში, იმ ასობით ქალს შორისაა, რომლებიც ომის ჟამს ერთგულად ემსახურებიან თავიანთ საქმეს.
ადგილობრივებს ასევე აწუხებთ, არცთუ ისე აშკარა, თუმცა ომის საკმაოდ დამანგრეველი შედეგი. ფრონტის ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობა თავს მიტოვებულად გრძნობს, მოშორებით თავიანთი ოჯახისგან, სამუშაო ადგილისა და სამედიცინო ობიექტებისგან. სიტუაციას ისიც აუარესებს, რომ მთავრობა ამ ხალხს მოღალატეებად და სეპარატისტებად აღიქვამს. მათი პენსიები იყინება, არ შეუძლიათ ხმის მიცემა და ბიუროკრატიული პროცედურებიც საბუთების გასაკეთებლად შეზღუდული აქვთ.

ელენა დიაჩკოვას და ალექსანდრე დოკალენკის, რომლებიც ავდეევკაში, სამხედრო პოზიციების ახლოს ცხოვრობენ, უკვე გადაეწურათ სახლის შეკეთების იმედი. ორჯერ უკვე შეარემონტეს დაბომბვის შემდეგ.

ოლგა და ნიკოლაი გრინიკი ძველ ელდეევკაში. მათი ორივე შვილი ომის დროს დაიბადა და ამის შესახებ ხუმრობენ კიდეც: „2014 წელს, სამი თვე ელექტროენერგიის გარეშე ვისხედით. ცხრა თვის შემდეგ ჩვენი ქალიშვილი, მიროსლავა დაიბადა. 2016 წელს, ერთი თვით კიდევ არ გვქონდა შუქი და ცხრა თვის შემდეგ ახლა კირილი, ჩვენი ვაჟი დაიბადა. კიდევ როგორ შეიძლება გაერთო სიბნელეში? ... ახლა ვლოცულობთ, რომ კიდევ ჩაქრეს შუქი“ - ამბობს ნიკოლაი.
სახლი იუჟნაიაში, რომელიც დაბომბვის დროს განადგურდა, ფრონტის ხაზი ტორეცკთან ახლოს.
ოჯახის მეგობარს, დიანა ბუდნიკის ახალშობილი უჭირავს, ის მესამე ქალიშვილია და მაშა დაარქვეს. ფოტო ავდეევკას საავადმყოფოშია გადაღებული. იქ ასეთი რწმენაა, რომ უშვილო ქალებიც კი ომის დროს ფეხმძიმდებიან. ადგილობრივების თქმით, ომამდე ამ ქალაქში სულ ვაჟები იბადებოდნენ, ახლი კი უმეტესი მათგანი გოგონაა, რაც ნიშნავს რომ ომი მალე მორჩება.
ზოგჯერ ომის ეს რუტინა ძალადობის უეცარი ესკალაციით წყდება. მაგალითად, ადგილობრივი მეამბოხეების ლიდერის მკვლელობამ 31 აგვისტოს, კომენდანტის საათის ამოქმედება გამოიწვია. ალექსანდრე ზახარჩენკო დონეცკის ცენტრში, ერთ-ერთ კაფეში ააფეთქეს და მას შემდეგ ღამის 11 საათიდან გარეთ გასვლა აკრძალულია. ფრონტის ხაზის გასწვრივ მცხოვრებლები უკმაყოფილონი არიან ცვლილებით. თუმცა, ერთადერთი ცვლილება ცეცხლის შეწყვეტის სეზონური ციკლებია. ახლა სასკოლოდ შეწყდება ცეცხლი, შემდეგ ზამთრის არდადეგებისთვის, მერე სააღდგომოდ, საზაფხულოდ მოსავლის ასაღებად და ა. შ. აქ დროებითი მუდმივია.
სტატია გამოქვეყნდა TIME-ზე. მისი ავტორია ალისა სოპოვა

myquiz