რატომ ტოვებს მოსახლეობა ვენესუელას მასობრივად? | Allnews.Ge

რატომ ტოვებს მოსახლეობა ვენესუელას მასობრივად?

ვენესუელას ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ტოვებს. 2014 წლიდან ქვეყანა 2,3 მილიონმა ადამიანმა დატოვა. ეს ვენესუელას მოსახლეობის 7% შეადგენს.

პოლიტიკური არასტაბილურობა, ჰიპერინფლაცია და საკვების დეფიციტი ადამიანებს ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგებს.

ნავთობი ვენესუელას ექსპორტის მთავარ პროდუტქს წარმოადგენს. როდესაც ნავთობის ფასები დაეცა, ნავთობზე დამოკიდებულ ქვეყანას რთული დრო დაუდგა.

კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მთავრობის ქმედებებმა კრიზისი კიდევ უფრო გაამძაფრა.

სად მიდიან ადამიანები? 1 მილიონზე მეტი ადამიანი კოლუმბიაში გადავიდა, ათასობით ადამიანი ეკვადორში, იქიდან კი პერუში მიდის.

მიმდინარე წელს ეკვადორში ვენესუელადან 500 ათასზე მეტი ადამიანი ჩავიდა. პერუში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი წინა წელთან შედარებით თითქმის სამჯერ გაიზარდა.

ვენესუელას მოსახლეობა მიდის ბრაზილიაშიც, სადაც მიგრანტთა რამდენიმე ბანაკზე თავდასხმები განხორციელდა.

გაზრდილი მიგრაციის შედეგად მეზობელმა ქვეყნებმა სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრეს, ეკვადორმა კი საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დააწესა. თუმცა ვენესუელადან მოსახლეობის გადინება გრძელდება.

ვენესუელასთან საზღვრის მახლობლად მდებარე კოლუმბიურ ქალაქ კუკუტაში 300 ათასამდე ვენესუელელი ცხოვრობს, მათ დიდ ნაწილს პირდაპირ ქუჩებში სძინავს. წარმოგიდგენთ 10 ობიექტს, რომელთა საშუალებითაც ხდება ნათელი, თუ როგორ აისახება ვენესუელაში არსებული კრიზისი ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

1. ხიდი

ყოველდღე, დაახლოებით 35 000 ვენესუელელი კვეთს სიმონ ბოლივარის ხიდს და კოლუმბიაში ხვდება: ზოგი მიდის სამუშაოდ, ზოგი კი უბრალოდ თავიანთ ქვეყანაში არსებულ ძალადობასა და არასტაბილურობას გაურბის.

2. ჩემოდანი

35 000 ვენესუელელისგან, რომლებიც ყოველდღიურად ხიდს კვეთენ, დაახლოებით 5 000 არ ბრუნდება სამშობლოში. ისინი ეძებენ თავშესაფარს კუკუტაში ან განაგრძობენ მოგზაურობას კოლუმბიაში ან მის ფარგლებს გარეთ.

"ჩემი შვილები შიმშილით იტანჯებიან, - ამბობს კარლა. - მე არ მქონდა რამე, რომ მათთვის მიმეცა, ამიტომ საზღვარი გადმოვკვეთე."

3. ჩანთა მანგოთი

ვენესუელას მოსახლეობის 16% საკვების მწვავე უკმარისობას განიცდის. ეკონომიკური კრიზისის გამო ადამიანებს არ შეუძლიათ გამოიმუშავონ იმდენი, რომ საკუთარი ოჯახები არჩინონ. ერთ-ერთმა ქალმა განაცხადა, რომ დღეში მხოლოდ ერთ ცალ მანგოს ჭამს.

"საკვების პოვნა რთულია. დროთა განმავლობაში ჩემი ნივთების გაყიდვა მომიწია", - ამბობს ტანია, მდივანი და მასწავლებელი, რომელიც ახლა უსახლკაროა და კუკუტაში ცხოვრობს.

4. თერმოსი

მარია თითქმის ყოველდღე კვეთს ხიდს, რათა კოლუმბიაში ყავა და საკონდიტრო ნაწარმი გაყიდოს. ათობით ათასი ვენესუელელი კუკუტაში, მაღაზიებთან იკრიბება, სადაც მათ სიცოცხლისთვის აუცილებელი ნივთების, საკვებისა და მედიკამენტების ყიდვა შეუძლიათ.

"აქ კოლუმბიაში რთულია, მაგრამ იქ ვენესუელაში უფრო რთულია", - ამბობს ის.

5. თმის დალალი

ზოგიერთი ვენესუელელი ქალი და გოგონა თმებს ყიდის. კოლუმბიელი პარიკის მწარმოებლები და ვაჭრები მათ საზღვრის გასწვრივ ხვდებიან, ვინაიდან მიგრანტების სასოწარკვეთის შესახებ იციან.

ძალიან გავრცელებულია ვენესუელელი ქალების, გოგონებისა და ბიჭების ექსპლუატაცია, მათ შორის სექსუალურიც.

6. ბავშვის საფენი

სოფია და ლუისი კოლუმბიაში ორ ვაჟთან და ქალიშვილთან ერთდან ჩავიდნენ ვენესუელაში, ერთი კვირის სამყოფი ბავშვის საფენების ღირებულება სამი თვის მინიმალური ხელფასის ექვივალენტია. ისინი ტრანსპორტის სფეროში მუშაობდნენ, ახლა კი სხვადასხვა სამუშაოების შესრულება უწევთ, რათა ოჯახი არჩინონ.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აქ ყოფნისას ვინმე კარის გაღებაში დაგვეხმარება, რათა ჩვენი შვილები გაიზარდონ, ისწავლონ, კარგად მოემზადებიან და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან. ეს ერთადერთია, რასაც ვითხოვთ - ნორმალურ ცხოვრებას ჩვენი ბავშვებისთვის", - ამბობს სოფია.

7. პირადობის მოწმობა

ჯოვანი კოლუმბიაში ლეგალურად, სამუშაოდ ჩავიდა, თუმცა ვენესუელაში მეუღლე და შვილები დატოვა - მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მის არაერთ თანამემამულეს უწევს. სხვები საზღვარს არალეგალურად კვეთენ, რის გამოც მათ შემდეგში სხვადასხვა სერვისებზე, მათ შორის სამედიცინო დახმარებაზე წვდომა არ აქვთ.

"ჩვენ ვტოვებთ ვენესუელაში ყველაფერს, საკუთარ სახლებს და ძველ ცხოვრებას. ეს ძალიან რთულია", - ამბობს ჯოვანი.

8. ხატვა

ხოსუე კუტუტას ქუჩებში მცხოვრები ვენესუელელი მხატვარია. მან კვებისთვის საჭირო ფული თავისი ნამუშევრების გაყიდვით იშოვა. მაგრამ ცოტა ხნის წინ მისი საღებავები მოიპარეს. ახლა მას თავის შენახვა აღარ შეუძლია. სოციალურად დაუცველი მიგრანტების ქუჩური დანაშაულის სამიზნე გახდა, რაც კიდევ ერთი საერთო პრობლემაა.

"ღამით ჩვენ არ გამოვდივართ გარეთ, ვინაიდან ეს საშიშია", - ამბობს ერთი ვენესუელელი ქალი, რომელიც საჯარო პარკში ცხოვრობდა.

9.ჩანთა

ილიანა უსახლკაროა, მაგრამ თავს იღბლიანად თვლის, ვინაიდან აქვს საფულე, სავარცხელი, პუდრა, ტანის ლოსიონი, ფეხის კრემი და ქალური ჰიგიენის ნივთები.

"ასეთი რამეები ვენესუელაში არ არსებობს. ეს პრივილეგიაა", - ამბობს ილიანა.

10. ბიბლია

კარლოსმა, პროფესორმა და ადვოკატმა, ვენესუელაში ორივე სამსახური დაკარგა. ის ახლა გადარჩენისთვის კუკუტაში იბრძვის.

"ქუჩაში ვცხოვრობ", ამბობს ის. "მე არ შემიძლია აქ ცოლ-შვილი მოვიყვანო".

მის ქონებას წარმოადგენს შავი ჩანთა, რომელშიც ბიბლია და სხვა რელიგიური ტექსტები ინახება.

კრიზისიდან გამოსავალი არ ჩანს და კარლოსის რწმენის მიუხედავად, როგორც ჩანს, მისთვის და ვენესუელას მოსახლეობისთვის ყველაფერი კიდევ გაუარესდება.

წყარო: rescue.org

myquiz