"ერთი წამითაც არ მიყოყმანია და გავეცი ბრძანება" - პუტინი თუ მედვედევი - ვინ მიიღო საქართველოში ჯარების შეყვანის გადაწყვეტილება | Allnews.Ge

"ერთი წამითაც არ მიყოყმანია და გავეცი ბრძანება" - პუტინი თუ მედვედევი - ვინ მიიღო საქართველოში ჯარების შეყვანის გადაწყვეტილება

რუსეთ-საქართველოს ომი ოფიციალური მოსკოვის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო იმ 4 წლის განმავლობაში, როდესაც ქვეყანას სათავეში არა ვლადიმერ პუტინი, არამედ დიმიტრი მედვედევი ედგა.

შეიარაღებული კონფლიქტიდან 10 წლის თავზე მედვედევმა გაზეთ კომერსანტს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო.

რუსეთ -საქართველოს ომის მძიმე დღეებში თავად დიმიტრი მედვედევის დამოუკიდებლობის საკითხი არაერთხელ იყო კულუარული განხილვისა და კამათის თემა, რომელიც დღესაც არ არის დასრულებული.

ომამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთში მედვედევის ლიდერობაში ბევრს ეჭვი ეპარებოდა.

მედვედევი სახელმწიფოს მეთაური 2008 წლის მაისში გახდა. "ლევადა-ცენტრის" მიერ 2008 წლის ივლისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, მოსახლეობის მხოლოდ 8%-ს სჯეროდა, რომ ქვეყანას მედვედევი დამოუკიდებლად მართავდა. რესპოდენტთა 36%-მა გამოთქვა ვარაუდი, რომ ქვეყანაში ხელისუფლება რეალურად კვლავ ვლადიმერ პუტინს ეკუთვნოდა. თითქმის ნახევარი - 47% კი მიიჩნევდა, რომ გადაწყვეტილებას მედვედევი და პუტინი თანაბრად იღებდნენ. იმ მომენტისთვის, როდესაც რუსეთმა საქართველოსთან ომი დაიწყო, ვლადიმერ პუტინი ქვეყანაში არ იმყოფებოდა: ის პეკინში ზაფხულის ოლიმპიადას ესწრებოდა.

მედვედევი (2008 წელი): "ერთი წამითაც არ მიყოყმანია და გავეცი ბრძანება"

დეკემბრის ბოლოს რუსული ტელეარხებისთვის მიცემულ ინტერვიუში დიმიტრი მედვედევმა აღიარა, რომ "დღე, როდესაც რუსული ჯარები ცხინვალში შევიდნენ, ყველაზე მძიმე დღე იყო მის ცხოვრებაში" და მას შეუძლია იმ დროს მიმდინარე მოვლენების ქრონოლოგიურად გახსენებაც კი.

მისი თქმით, 2008 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე მას დაურეკა მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, ანატოლი სერდიუკოვმა და შეატყობინა, რომ მისი უწყების ცნობით, საქართველომ სამხრეთ ოსეთს ომი გამოუცხადა, " თუმცა რაიმე მოძრაობა მაშინ ჯერ კიდევ არ შეინიშნებოდა".

"მე მას ვუთხარი, რომ სიტუაციისა და მოვლენების განვითარებისთვის თვალი მიედევნებინა და ანგარიში ჩემთვის ჩაებარებინა, რაც ხდებოდა კიდეც მომავალი რამდენიმე საათის განმავლობაში"- თქვა მედვედევმა ინტერვიუში. მისი თქმით, ამ საუბრის შემდეგ, სერდიუკოვი მას ყოველ ნახევარ საათში ურეკავდა და ვითარებას აცნობდა.

"იმ მომენტში, როდესაც რაკეტები რეალურად ამუშავდა, დაიწყეს სროლა ტანკებიდან და მე მომახსენეს ჩვენი მოქალაქეების დაღუპვის შესახებ, მათ შორის, მშვიდობისმყოფელების, არც ერთი წუთით არ მიყოყმანია და საპასუხო მოქმედებების ბრძანება დაუყოვნებლივ გავეცი. ცხადია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას ყველა შედეგის აწონვა გიხდება, მათ შორის, მსგავსი სახის ბრძანებების შეუქცევადობის"- განაცხადა მედვედევმა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

myquiz