რატომ გაჩერდნენ რუსული ტანკები თბილისიდან ათობით კილომეტრში - კითხვებს დიმიტრი მედვედევი პასუხობს | Allnews.Ge

რატომ გაჩერდნენ რუსული ტანკები თბილისიდან ათობით კილომეტრში - კითხვებს დიმიტრი მედვედევი პასუხობს

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთს საქართველოს განადგურება და მიხეილ სააკაშვილის დასჯა არ ჰქონდა მიზნად დასახული. ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა რადიოსადგურ "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რატომ გაჩერდნენ რუსული ტანკები თბილისიდან ათობით კილომეტრში, მედვედევმა უპასუხა, რომ "მიზანი იყო ქართული შეიარაღებული ძალების ცხინვალიდან განდევნა, წესრიგის დამყარება და შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება".

"ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი, როდესაც გადაწყვეტილება მივიღე, თავშეკავებულობა გამომეჩინა და შემდგომი ქმედებების ფორსირება არ მომეხდინა. მიზანი არ იყო საქართველოს განადგურება ან სააკაშვილის დასჯა", - განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

დიმიტრი მედვედევის თქმით, აღნიშნულმა მიდგომამ "არა მხოლოდ საქართველოში, ოსეთში და აფხაზეთში დააწყნარა სიტუაცია, არამედ ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან მშვიდი ურთიერთობების საშუალება მისცა რუსეთს".

"გაკეთდა დასკვნა, რომ აგრესია საქართველომ დაიწყო. ამას ისტორიიდან ვერ ამოშლი", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

რუსეთის მთავრობის მეთაურის თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე კარგს მაშინ ვერაფერს მოიფიქრებდნენ.

მისივე თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს კარგად მოფიქრებული, უნდა შეფასდეს დადებითი და უარყოფითი მომენტები.

"საქართველოს მშვიდობისკენ იძულების" კამპანიის სამხედრო ნაწილის დასრულების შემდეგ დადგა კითხვა - რა უნდა მოვიმოქმედოთ ახლა? ბუნებრივია, პირველ რიგში ამ კითხვაზე პასუხი მე, ქვეყნის პირველ პირს უნდა გამეცა", - განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, ის გარკვეული დროის განმავლობაში ფიქრობდა ამაზე და სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება გადაწყვიტა.

"მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე კარგს ჩვენ ვერაფერს მოვიფიქრებდით. პირველ რიგში მე ვხელმძღვანელობდი იმით, რომ მომავალში ამიერკავკასიაში მყარი მშვიდობა და სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა. ჩემი აზრით, ეს ერთადერთი შესაძლებელი ნაბიჯი იყო. შემდეგ მე ვესაუბრე მთავრობის თავმჯდომარეს, ვლადიმერ პუტინს და მან ამ საკითხში მხარი დამიჭირა", - განაცხადა მედვედევმა.

myquiz