რუსი ჯაშუში 10 წლის განმავლობაში მოსკოვში აშშ-ის საელჩოში მუშაობდა | Allnews.Ge

რუსი ჯაშუში 10 წლის განმავლობაში მოსკოვში აშშ-ის საელჩოში მუშაობდა

რუსი ჯაშუში 10 წლის განმავლობაში მოსკოვში, აშშ-ს საელჩოში მუშაობდა, - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian აშშ-ს კონტრდაზვერვის სამსახურში, წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით,  ჯაშუში ქალია, რომელიც ამავდროულად აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი იყო. 2016 წელს რუსეთში აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების სამსახურს ეჭვი გაუჩნდა, რომ ის რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (ФСБ) თანამშრომლობდა, თუმცა, ინფორმაცია ამის შესახებ ვაშინგტონში მიწოდებული იყო 2017 წლის იანვარში. ამავდროულად, აშშ-ს საიდუმლო სამსახურს არ დაუწყია მასშტაბური გამოძიება.

The Guardian-ის წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული თანამშრომელი აშშ-ის საელჩოდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის კონგრესის სანქციების საპასუხოდ, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების შემცირება მოითხოვა.

წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულ ჯაშუშს წვდომა ჰქონდა მონაცემთა მნიშვნელოვან ბაზაზე, თუმცა "საიდუმლო სამსახური ცდილობს დაფაროს ეს დანაშაული".

თავის მხრივ, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა მაზონ ბრაიმენმა საინფორმაციო სააგენტო ТАСС-თან საუბარში უარყო The Guardian-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჯაშუშს, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო, წვდომა ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე.

"აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, არ აქვთ წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება", - განაცხადეს აშშ-ს საიდუმლო სამსახურში.