ევროპის ცალკეულ ნაწილში ტემპერატურის 50°C-მდე ზრდაა მოსალოდნელი | Allnews.Ge

ევროპის ცალკეულ ნაწილში ტემპერატურის 50°C-მდე ზრდაა მოსალოდნელი

ესპანეთსა და პორტუგალიაში ტემპერატურა 48 გრადუსს ცელსიუსს გადააჭარბებს და სავარაუდოდ 50 გრადუს ცელსიუსამდე გაიზრდება.

სინოპტიკოსები პირენეის ნახევარკუნძულზე ექსტრემალურად მაღალ ტემპერატურას ვარაუდობენ, რაც ჩრდილოეთ აფრიკიდან მომდინარე ჰაერის ცხელი მასებით არის განპირობებული.

Euronews-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, შაბათი ბოლო 41 წლის განმავლობაში რეგიონში დაფიქსირებული ყველაზე ცხელი დღე იქნება.

ამ დრომდე ესპანეთში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტემპერატურა 47.3 გრადუსი ცელსიუსია, პორტუგალიაში დაფიქსირებული მაქსიმალური ტელმპერატურა კი 47.4°C.

ევროპაში ამ დრომდე ყველაზე მაღალი ტემპერატურა 48°C 1977 წელს საბერძნეთში, კონკრეტულად კი ათენში დაფიქსირდა.

AccuWeather-ის პროგნოზის თანახმად, ტემპერატურა, რომელიც მიმდინარე კვირას ესპანეთსა და პორტუგალიაში დაფიქსირდება, არა მხოლოდ პირენეის ნახევრკუნძულზე დაფიქსირებულ უმაღლეს ტემპერატურას გადააჭარბებს, არამედ, შესაძლოა, ყველაზე მაღალი ტემპერატურა იყოს, რაც კი ოდესმე ევროპაში დაფიქსირებულა.

"სიცხის პიკი სავარაუდოდ, შაბათს დაფიქსირდება და პორტუგალიის სამხრეთ ნაწილში ან სავარაუდოდ ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ყველაზე მაღალი ტემპერატურის მომსწრენი გახდებიან, ესპანეთისა და პორტუგალიის შემთხვევაში შესაძლოა, სიცხის ახალი რეკორდის დამყარება მოხდეს"- განაცხადა Euronews-თან საუბარში გაერთიანებული სამეფოს მეტეოროლოგიური სადგურის წარმომადგენლმა მარკ მაკკართიმ.

ესპანეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობისთვის მზადება უკვე დაიწყო, რაც შესაძლოა ძლიერმა სიცხემ გამოიწვიოს, რომელიც სავარაუდოდ, სულ მცირე კვირამდე გაგრძელდება. ესპანეთის 50 პროვინციიდან სულ მცირე 27 მაღალი რისკის ქვეშაა, რადგან ტემპერატურა იქ სწრაფად მოიმატებს.

Euronews-ის ინფორმაციით, ყველაზე ძლიერი სიცხე ესპანეთს პორტუგალიის საზღვართან დაატყდება თავს, სადაც ამ დროისთვის 11 ათასი მეხანძრეა მობილიზებული შესაძლო ტყის ხანძართან გასამკლავებლად.

European Drought Observatory-ის რუკის მიხედვით, ცეცხლის გაჩენის საფრთხე მაღალია. ამავე რუკის თანახმად გერმანია რისკის იმავე დონეზეა, როგორც პორტუგალია ესპანეთი და თურქეთი.

ტემპერატურა პერმანენტულად იმატებს საფრანგეთის სამხრეთ ნაწილშიც და სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა 40°C-ს მიაღწევს. ბრიტანეთში კი ტემპერატურის რამდენიმედღიანი კლების შემდეგ, ისევ მატებაა მოსალოდნელი და ჰაერი 30 გრადუსამდე გათბება.

myquiz