გერმანიაში წელს თავშესაფარი საქართველოს 2485-მა მოქალაქემ მოითხოვა | Allnews.Ge

გერმანიაში წელს თავშესაფარი საქართველოს 2485-მა მოქალაქემ მოითხოვა

2018 წლის იანვარ-ივნისში, შვედეთში თავშესაფარი საქართველოს 490 მოქალაქემ მოითხოვა, გერმანიაში -2485, ბელგიაში - 471, ნიდერლანდებში - 81-მა, - აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ჟურნალისტებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მარკ ჰულსტმა წარუდგინა. როგორც ჰულსტმა აღნიშნა, თავშესაფრის მომთხოვნთა რიცხვი საქართველოდან იკლებს.

"ჩვენი დაკვირვებით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ საზღვარგარეთ, შემცირებისკენ მიდის. ზოგ ქვეყანაში პირიქით, ზრდის ტენდენცია გვაქვს, მაგალითად ბელგიაში და ნიდერლანდებში, მაგრამ მასშტაბი ამ ორ კონკრეტულ ქვეყანაში შედარებით მცირეა. ყველაზე დიდი თავშესაფრის მიმღები ქვეყანა მაინც გერმანიაა. წელს 2710-მა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში იანვრიდან ივნისის ჩათვლით. ეს ციფრი ბოლო ორ თვეში აშკარად უფრო დაბალი იყო, ვიდრე წინა თვეებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლები და ნაკლები პირი ითხოვს თავშესაფარს. კლების მაჩვენებელი იმედისმომცემია. იგივე ტენდენციაა შვედეთში, სადაც ნოემბერ-დეკემბერში და წელს იანვარ-თებერვალში საკმაოდ დიდმა რაოდენობამ მოითხოვა თავშესაფარი. გერმანიასთან შედარებით თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობა დიდი არ არის, მაგრამ შვედეთისთვისაა დიდი რიცხვი, რაც მათთვის ახალი მოვლენა იყო", - განაცხადა ჰულსტმა.

მისივე ინფორმაციით, თავშესაფრის მომთხოვნი ქვეყნების ხუთეულშია: ბელგია, გერმანია, ნიდერლანდები, შვედეთი და ავსტრალია.

"2018 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, შვედეთში თავშესაფარი მოითხოვა 490 პირმა, გერმანიაში -2485, ბელგიაში -471, ავსტრალიაში -150, ნიდერლანდებში - 81 საქართველოს მოქალაქემ. თუ ამ ციფრებს შარშანდელი 6 თვის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, მატება შვედეთში 23%-ია, ბელგიაში ზუსტად იგივე ციფრია, რაც შარშან იყო",- განაცხადა მარკ ჰულსტმა.

გარდა ამისა, ჰულსტმა აღნიშნა, რომ საქართველოდან წასულ მოქალაქეს თითქმის ნული აქვს შანსი, რომ რომელიმე ქვეყანამ თავშესაფარი მისცეს. "გერმანიაში, თავშესაფრის მომთხოვნი პირების მხოლოდ 1%-მა მიიღო სტატუსი. აქ საუბარია ორ სხვადასხვა სტატუსზე, ერთია უშუალოდ ლტოლვილის სტატუსი, რომელიც საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია და მეორეა დროებითი ცხოვრების უფლება სხვადასხვა მიზეზის გამო. აქ ძირითადად საუბარი იყო ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებზე. ასევე არც ერთ პირს არ მიუღია სტატუსი შვედეთში, აქ ფაქტობრივად დროებითი სტატუსის მინიჭებაც არ ხდება, ისევე, როგორც ბელგიაში და ნიდერლანდებში და გერმანიაში. ადრე საფრანგეთი იყო ლოიალური ქვეყანა თავშესაფრის მაძიებლებისთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო, საფრანგეთი იმავე ლოიალური მიდგომით არ მგონია მოქმედებდეს",- განაცხადა ჰულსტმა.

გარდა ამისა, მარკ ჰულსტმა აღნიშნა, რომ თავშესაფრის მაძიებლებს რთულ საცხოვრებელ პირობებში უწევთ ცხოვრება, არ აქვთ საკმარისი ანაზღაურება, ე.წ. ჯიბის ფული და ბავშვებს უჭირთ ცოდნის მიღება.

"აქედან გამომდინარე თავშესაფრის მოთხოვნა ევროპაში ლოგიკას არ ექვემდებარება",- განაცხადა ჰულსტმა.

myquiz