როგორ გამოიყურება ბერძნული ქალაქი, რომელიც ხანძრის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა? - ცხედრები ზღვაშიც იპოვეს | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება ბერძნული ქალაქი, რომელიც ხანძრის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა? - ცხედრები ზღვაშიც იპოვეს

ბოლო ორი დღის განმავლობაში საბერძნეთში ტყის ხანძრების 47 კერა დაფიქსირდა. ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 74 ადამიანი გარდაიცვალა. ცეცხლისგან თავის დასაღწევად მოსახლეობა იძულებული გახდა, ზღვაში შესულიყო.

CNN-თან მოსახლეობა საზარელ ამბებს იხსენებს. ცეცხლი ათენთან ახლოს მდებარე კურორტ მატის მთლიანად მოედო, გადარჩენის ერთადერთი გზა ადამიანებისთვის ზღვა იყო. სამაშველო ოპერაციის ფარგლებში სანაპიროზე მობილიზებული იყო ნავები.

"როიტერსის" ინფორმაციით, პლაჟებიდან 696 ადამიანი გაიყვანეს, ზღვიდან კი - 19. ამასთან, მაშველებმა ზღვაში 4 ცხედარს მიაგნეს. საბერძნეთის სახანძრო სამსახურმა დაადასტურა, რომ მატის სანაპიროზე, ზღვასთან ახლოს 25 გარდაცვლილი იპოვეს, ისინი ცეცხლისგან თავის გადარჩენას ცდილობდნენ.

ხანძრის შედეგად სულ მცირე 164 ზრდასრული და 23 ბავშვი დაშავდა. ატიკას რეგიონში ხუთი ძირითადი კერაა, მათ შორის არის სოფელი მატი, სადაც ცეცხლის კონტროლი ვერ ხერხდება. საკურორტო ზონა პოპულარულია ბერძენი ტურისტებისთვის, აქ მდებარეობს ბანაკები ბავშვებისთვის და ასაკოვანი ადამიანებისთვის.

დაკარგულების შესახებ სამაშველო სამსახურში ზარები ამ დრომდე შედის. კერებზე სტიქიას 500-მდე მეხანძრე ებრძვის. სამძებრო ოპერაციებში ჩართული არიან შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

"არ არსებობს სიტყვები, რომლითაც თითოეული ჩვენგანის გრძნობას გადმოვცემთ," - განაცხადა ალექსის ციპრასმა.

დაზარალებულთა დასახმარებლად საბერძნეთის მთავრობამ 20 მლნ ევრო გამოყო.

"ტელევიზორსა და ინტერნეტს ვერ ვწყდები - ყოველ წუთს გადმოსცემენ ინფორმაციას, სანუგეშო ჯერჯერობით არაფერია... ათენის გარშემო, სამი მხრიდან ხანძრის მასშტაბური კერები არ ცხრება... მე კატში ვცხოვრობ და მხოლოდ ამ ქალაქში, 5 ლოკალური ხანძარი მძვინვარებს, ვერ აქრობენ. ქუჩები, სახლის სახურავები, აივნები, ეზოები ფერფლით არის სავსე... გარშემო შავი კვამლია და ხალხი ვერ ხვდება საით გაიქცეს" - ჰყვება ჩვენთან საუბარში საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ვანდა ვირსალაძე, რომლის თქმითაც, მთელი ქალაქი სახანძრო მანქანებით არის სავსე, მაგრამ ქარი ძლიერდება...

კიდევ ერთი ემიგრანტის თქმით, ხანძარი მძვინარებს კინეტაშიც, სადაც ზღვის მთელ სანაპიროზე წიწვნარია გაშენებული და ხეივანს ცეცხლი ერთიანად ეკიდება.

"ტყიდან ყველაფერზე, გარშემო არსებულ ინსფრასტრუქტურაზე ვრცელდება. ხალხი ზღვაში შეცვივდა, მაგრამ ისეთი ძლიერი ცეცხლი იყო, ზურგები დაგვეწვაო, ჰყვებოდნენ... დილით რამდენიმე ათეული მანქანა იყო დამწვარი, შემდეგ ალბათ უარესი ვითარება იქნებოდა... მე დავტოვე ქალაქი, თუმცა, ახლა სადაც ვარ, იქაც არ მგონია უსაფრთხოდ ვიყო, რადგან საშინელი ქარია," - ამბობს იულია შამრაი.

ემიგრანტების თქმით, 50 კილომეტრზე მეტი იყო იმ ადგილიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა და ცეცხლმა რამდენიმე საათში დაფარა ეს მანძილი... ხალხი პანიკაშია, კინეტა საკურორტო ქალაქია და ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა. ცეცხლი არ ცხრება რაფინასთან, მატისა და პიკერმისთან ახლოს - ძალიან დიდია დასახლებულ პუნქტებში გავრცელების საფრთხე, ხანძარია მარათონასა და პენდელის მთის ფერდობებზეც, მათგან კი დასახლებული პუნქტები შორს არ არის.

ნინი მაისურაძე, საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი:

- მარათონში ვცხოვრობ. გუშინ მატიში ვიყავი, იმ ადგილას საიდანაც დაიწყო ცეცხლი, იქაურობა უკვე აღარ არსებობს... სადაც ვმუშაობ იმ ადგილისკენ მივდიოდი, როდესაც პოლიციამ ჩამიარა და გამაფრთხილა - იქეთ არ წახვიდე, ცეცხლიაო. ვხედავდი ცეცხლს, მაგრამ არ მეგონა, თუ ისე სწრაფად მომიახლოვდებოდა. მე კი არა, იქ მცხოვრებლებსაც არ ეგონათ - მშვიდად იდგენ და თავიანთ ბაღებში ხეხილს რწყავდნენ, რომ სველ ხეებს ცეცხლი არ მოსდებოდათ... საცხობისკენ ვაპირებდი ჩასვლას და უცებ მოვტრიალდი თუ არა, დავინახე რამდენიმე მეტრში აღმართული ცეცხლი, რომელიც უკან მომყვებოდა... გავიქეცი, მაგრამ არ ვიცოდი საით წავსულიყავი, აქ ახალი ჩამოსული ვარ და გარდა ამისა, ბნელოდა. ცეცხლი, წამებში ისე მომიახლოვდა, რომ სიმხურვალეს ზურგზე უკვე ვგრძნობდი.

შუქიც არ იყო, სადენები დაიწვა და შავ კვამლში გზას ვეღარ ვიკვლევდი... წივილ-კივილი და ბავშვების ტირილი გავიგე და მივხვდი, რომ სანაპიროსკენ მივდიოდი. მატის გაყოლებაზე, ზღვის ნაპირზე 400-ზე მეტი ბავშვი იყო და ადგილიც არ იყო... ჩემი თვალით ვნახე, როგორ წაეკიდა დედა-შვილს ცეცხლი. ახლაც ცუდად ვხდები, რომ მახსენდება, ბავშვი ვერ გადავარჩინე - ჩემს თვალწინ დაიწვა.

როგორც ჩანს, შემდეგ მეც გავითიშე, ძლიერი კვამლის გამო და ღამის 3 საათზე მიპოვა ვიღაცამ... გონს უკვე სასწრაფოში მოვედი. გზები ჩახერგილი იყო და ძლივს იკვლევდნენ გზას... მერე მითხრეს, რომ 2-წუთიანმა წვიმამ გადამარჩინა, თორემ ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი. ახლა მარათონში ვარ, "ადიო ანდრიას" სახელობის საბავშვო ბანაკში. შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვარ და არც ვიცი, ოდესმე გამოვალ თუ არა."

Ambebi.ge-მ საბერძნეთში მცხოვრები კიდევ რამდენიმე ემიგრანტი ჩაწერა. წაიკითხეთ მათი კომენტარები

myquiz