დამწვარი მანქანები და ათობით დაღუპული - მძიმე კადრები საბერძნეთიდან | Allnews.Ge

დამწვარი მანქანები და ათობით დაღუპული - მძიმე კადრები საბერძნეთიდან

საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა. მათ შორის არიან უცხოელებიც. აღსანიშნავია, რომ ქალაქ მატეში 11 დაღუპული აღმოაჩინეს, მათ შორის, ორი ბავშვია. ისინი სახლში იპოვეს.

საბერძნეთში დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ორ მოქალაქეს ოჯახი ვერ უკავშირდებოდა, თუმცა, მოგვიანებით საბერძნეთში საქართველოს საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ორივე მოქალაქე იპოვეს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საბერძნეთში მყოფი მოქალაქეებისთვის განცხადებაც გაავრცელა. ზალკალიანის თქმით, საქართველოს საელჩო საბერძნეთში გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ამასთან, მინისტრი თანაგრძნობას უცხადებს საბერძნეთის მთავრობას და მოსახლეობას დაღუპულთა და დაშავებულთა გამო.

"შემძრა ინფორმაციამ საბერძნეთში, ათენის გარეუბანში გაჩენილი ხანძრის თაობაზე, რომელსაც ამ დროის მონაცემებით ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით პროცესების მიმდინარეობას, საქართველოს საელჩო საბერძნეთში გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე და დახმარებას უწევს საბერძნეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელსუფლების რეკომენდაციები და ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში კავშირში იყვნენ საქართველოს საელჩოსთან. თანადგომას ვუცხადებ მეგობარ საბერძნეთს სტიქიასა და მის შედეგებთან ბრძოლაში. თანაგრძნობას ვუცხადებ საბერძნეთის მთავრობას და მოსახლეობას დაღუპულთა და დაშავებულთა გამო",- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. საბერძნეთში ორშაბათიდან რამდენიმე მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანა თავის ისტორიაში ერთ-ერთ ურთულეს პერიოდს განიცდის.

myquiz