საბერძნეთში მყოფ საქართველოს ორ მოქალაქეს ოჯახი ვერ უკავშირდება - ათენთან ახლოს ხანძარს ებრძვიან | Allnews.Ge

საბერძნეთში მყოფ საქართველოს ორ მოქალაქეს ოჯახი ვერ უკავშირდება - ათენთან ახლოს ხანძარს ებრძვიან

საქართველოს ორ მოქალაქეს ოჯახი ვერ უკავშირდება და ჩვენ საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად ვეძებთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იოსებ ნანობაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ტყის ხანძრის შედეგად დილის მონაცემებით, საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის ჰოსპიტალიზებულთა სიაში.

"დღეს დილის მონაცემებით, საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის გარდაცვლილთა და ჰოსპიტალიზებულთა სიაში. ჩვენ დილითაც გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში და დაგვიდასტურეს, რომ ასეთი მონაცემები ჯერ არ აქვთ. ცხელ ხაზზე 5 შეტყობინებაა შესული, სამ მოქალაქეს გაეწია დახმარება. ორი პირია, რომელსაც ოჯახი ვერ უკავშირდება და ჩვენ ინტენსიურად ვეძებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხანძარი შედარებით ლოკალიზებულია და სიტუაციის გაუმჯობესების იმედია. ვიმოქმედებთ ვითარების შესაბამისად", - განაცხადა იოსებ ნანობაშვილმა.

საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. ტყის ხანძარი საბერძნეთში 23 ივლისს გაჩნდა,რის შედეგადაც ათეულობით სახლი დაიწვა.

myquiz