მძიმე ვითარებაში მყოფი 10 ადგილი, რომელიც მსოფლიომ მიივიწყა - იხილეთ ფოტოები | Allnews.Ge

მძიმე ვითარებაში მყოფი 10 ადგილი, რომელიც მსოფლიომ მიივიწყა - იხილეთ ფოტოები

კონგო, სამხრეთ სუდანი, ბურუნდი, მიანმარი - მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებში საგანგაშო მდგომარეობაა, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იშვიათად ხვდება. ლტოლვილთა საკითხებში ნორვეგიულმა საბჭომ წარმოადგენა მძიმე ვითარებაში მყოფი იმ ადგილების ჩამონათვალი, რომლებიც პოლიტიკური ნების, დონორების ნაკლებობისა და მედიის გულგრილობის გამო ყველას მხრიდან იგნორირებული რჩება. ასეთია მაგალითად:

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ამოვარდნილია მედიასაშუალებების სათაურებიდან, მიუხედავად იმისა, რომ აქ გასაჭირში იმდენივე ადამიანი ცხოვრობს, რამდენიც სირიაში. ძალადობა, დაავადებები და შიმშილი ამ ქვეყნის უმეტეს რაიონებში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს. 2017 წლის ბოლოს 4,5 მილიონი კონგოელი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირი იყო, 700 000-მა კი მეზობელ ქვეყნებს მიაშურა. კონფლიქტები კონგოში ეთნიკური დაპირისპირებებით, ბუნებრივი რესურსებისათვის ბრძოლით და მთავრობის მხრიდან კონტროლის ნაკლებობით არის გამოწვეული. ფოტოზე აღბეჭდილია დასახლება კატანიკა, სადაც ეთნიკური დაპირისპირებების გამო იძულებით გადაადგილებული 70 000 პირი ცხოვრობს.

სამხრეთ სუდანი

სამოქალაქო ომი სამხრეთ სუდანში უკვე მეხუთე წელი გრძელდება, ჰუმანიტარული კრიზისი მწვავდება, თითქმის 13-მილიონიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი მხოლოდ დახმარების ხარჯზე ცხოვრობს. ძალადობის გამო საცხოვრებელი სახლი ყოველმა მესამე ადამიანმა დატოვა, რამაც უგანდაში, სუდანსა და ეთიოპიაში მიგრანტების კრიზისი გამოიწვია. ქვეყანაში დარჩენილებს ცუდი მოსავლიანობის შემთხვევაში შიმშილობა ელის.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

კონფლიქტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მესამე ადგილზე მხოლოდ მეზობელ კონგოსა და სამხრეთ სუდანში სიტუაციის მკვეთრი გაუარესების გამო მოხვდა. ანტიბალაკური ქრისტიანული შეიარაღებული ჯგუფების და მუსლიმი მეამბოხეების შეტაკებები კვლავ გრძელდება. ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირების რიცხვი თითქმის 700 000 აღწევს. კონფლიქტის ესკალაციის მიუხედავად, მას მედიაში ძალიან მცირე ყურადღება ეთმობა.

ბურუნდი

2015 წლიდან ბურუნდი 400 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამის მიზეზი პოლიტიკური არეულობები და ჰუმანიტარული კრიზისი გახდა. გასულ წელს ლტოლვილთა რიცხვი 20%-ით გაიზარდა. მათი უმეტესობა ტანზანიაში გადადის, სადაც გადავსებულ ბანაკებში ცხოვრობს. ლტოლვილთა 46%-ს 17 წლამდე ასაკის ბავშვები შეადგენენ.

ეთიოპია

კონფლიქტებისა და გვალვის გამო საკუთარი სახლები გასულ წელს მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. სომალისთან მოსაზღვრე რაიონები არასტაბილურობის გამო გასული წლის სექტემბრიდან უკვე 700 000-მა ადამიანმა მიატოვა. ეთიოპიისათვის გამოყოფილი 1,4 მილიარდი დოლარის ოდენობის საერთაშორისო დახმარებიდან გასული წლის ბოლოს მხოლოდ 46% დაიხარჯა. არაერთ ეთიოპელს შიმშილის კიდევ ერთი წელი ელის, თუმცა ეს კრიზისი საერთაშორისო რადარებზე არ ჩანს.

პალესტინა

საერთაშორისო საზოგადოება ლტოლვილებად 5,3 მილიონზე მეტ პალესტინელს მიიჩნევს. მათი უმეტესობა მეზობელ იორდანიასა და ლიბანში ცხოვრობს, 1 მილიონზე მეტი კი - ღაზას სექტორში. 10-წლიანი ბლოკადის შედეგად მოსახლეობისთვის საშინელი საცხოვრებელი პირობები შეიქმნა. პალესტინის მოსახლეობის 84% ჰუმანიტარული დახმარების მწვავე საჭიროებას განიცდის. ღაზას სექტორში მცხოვრებ ბავშვებს ტრავმატული კოშმარების უკიდურესად მაღალი მაჩვენებლები აქვთ. ფოტოზე აღბეჭდილია 13 წლის ომაია ზიარა, რომელიც სანთლის შუქზე საშინაო დავალებას ამზადებს.

მიანმარი

2017 წლის აგვისტოში მიანმარში, რაქჰაინის შტატში წარმოიშვა კონფლიქტი, რომლის შედეგადაც 700 000 ადამიანს ბანგლადეშში გადასვლამ მოუწია. მათი უმეტესობა მუსლიმია და როჰინჯას ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნება. ისინი ძალადობას, დევნას და ადამიანის უფლებათა დარღვევას გაექცნენ. მილიონზე მეტი როჰინჯა ახლა ბანგლადეშში ცხოვრობს, სადაც ჰუმანიტარული მისიების თანამშრომლებს ძალზედ დიდი სამუშაოს შესრულება უწევთ.

იემენი

სამწლიანმა ომმა იემენში სიტუაცია უკიდურესად გაამწვავა. კონფლიქტის ორივე მხარე მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას უშლიდა ხელს. 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა საკუთარი სახლები დატოვა. მათ შორისაა პატარა რადვაც. მამასისი, აბდულა ამბობს: „მე მირჩიეს რადვა ჰოსპიტალში გადამეყვანა, ვინაიდან მას კვების უკმარისობა ჰქონდა. შენ ხედავ, როგორ გიკვდება შვილი თვალწინ - რატომ არ გვაძლევენ მშვიდად ცხოვრების საშუალებას? გვსურს, რომ შეწყდეს ბლოკადა და ავიადარტყმები, რათა ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ".

ვენესუელა

ფოტოზე გამოსახულები არიან ვენესუელელები, რომლებიც კოლუმბიის ქალაქ კუკუტაში, საკვებისა და სამუშაოს საძიებლად შედიან, ვინაიდან მათ ქვეყანაში კრიზისი მძვინვარებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ლათინურ ამერიკაში მოსახლეობის მიგრაცია ძალიან ხშირია, ეს მასობრივი გადაადგილება რეგიონის ყველაზე ცუდ მიგრაციულ კრიზისად მიიჩნევა. 2017 წელს ვენესუელა დაახლოებით 1,6 მილიონმა ადამიანმა დატოვა. გაერო-ს მიგრანტთა სააგენტოს ინფორმაციით, მათი უმეტესობა საერთაშორისო დაცვას საჭიროებს.

ნიგერია

ნიგერიის შეიარაღებულ ძალებსა და დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ მებრძოლებს შორის კონფლიქტის გამო ხალხი ნიგერიის ჩრდილოეთიდან საკუთარ სახლებს ტოვებს. ქვეყნის ხელისუფლებამ სამხედრო ოპერაციების ინტენსივობა გაზარდა, რასაც "ბოკო ჰარამი" დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების ბანაკებზე თავდასხმებით პასუხობს. კონფლიქტმა დაახლოებით 1,7 მილიონი ნიგერიელი დააზარალა, განადგურებულია დაახლოებით 500 000 სახლი, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები და წყლის მიმწოდებელი ობიექტები.

წყარო: The Guardian

myquiz